2-3 ივნისს, რუსთაველის თეატრი თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობს მაქსიმ ავერინს მასპინძლობს. მსახიობი ქართველი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „ყველაფერი სიყვარულით იწყება" წარსდგება.
მსახიობი ქართულ სცენაზე საქველმოქმედო აქციის „შენ, მე, ჩვენ - ერთად სიცოცხლისთვის" ფარგლებში გამოვა. საღამოდან შემოსული თანხა შეჭირვებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.
ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.
„მოუთმენლად ველი ქართველ მაყურებელთან შეხვედრას. მე ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ჩამოვიდე თქვენს ულამაზეს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ეს საღამო იქნება ისეთივე თბილი, როგორიც თქვენი ქვეყანაა", - განცხადა სპეციალურ ვიდეომიმართვაში მსახიობმა.
მაქსიმ ავერინის კინოდებიუტი ექვსი წლის ასაკში შედგა ეპიზოდურ როლში. ცხრა წლიდან კი მინიატურების თეატრის სცენაზე თამაშობდა. ის მრავალი პრემიისა და კინოფესტივალის ლაურეატია. 2006 წელს ნომინირებული იყო თეატრალური პრემიაზე „ჩაიკა". 2011 წელს კი "Taffy"-ზე მამაკაცის საუკეთესო როლისთვის პრემია მიიღო.
ავერინი თბილისს 30 მაისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, მსახიობი სოფიკო ჭიაურელის, რამაზ ჩხიკვაძის, რეზო ჩხეიძის და სხვა კოლეგების საფლავებს მოინახულებს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, ასევე რამდენიმე ბავშვთა ცენტრს ეწვევა. ავერინის ვიზიტი დაგეგმილია ბათუშიც.