logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ჩვენი კარი კვლავ ღიაა, ერთად დავთვალოთ ის მეტრები, რომელიც აშორებს კორპუსებს რუსთავში ციხის კედლებთან
- +

16 აპრილი. 2019. 16:01

 

 

„ჩვენი კარი კვლავ ღიაა, ერთად დავთვალოთ ის მეტრები, რომელიც აშორებს კორპუსებს რუსთავში ციხის კედლებთან“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნების საპასუხოდ. წულუკიანის თქმით, ციხის აშენების შემდეგ, 600-მდე ადამიანი დასაქმდება.

 

„ვფიქრობ, ამ პროცესების პოლიტიზება არ ივარგებს. საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, პენიტენციური სამსახურის გაძლიერებას, ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დასაცავად და ასევე, დანაშაულთან უფრო ეფექტურად საბრძოლველად. ინფრასტრუქტურული განვითარება თუ არ იქნება სისტემაში, ჩვენ დანაშაულს ეფექტურად ვერ შევებრძოლებით. საზოგადოება ერთსულოვანია, რომ დანაშაულთან ეფექტური ბრძოლაა საჭირო. როდესაც მსჯავრდებული საპატიმროში ხვდება, მისი უფლებების მაღალი ხარისხით დაცვაა საჭირო და დასახულია ის სამი ღია დაწესებულება, ე.წ. ზონები თუ კოლონიები, რომლებიც წილად გვხვდა საბჭოთა წარსულიდან.

 

ვფიქრობ, 60-მილიონიანი ინვესტიცია, რაც რუსთავისთვის კეთდება, არის უნიკალური შესაძლებლობა და ამ სისტემაში 500-600 ადამიანი დასაქმდება. დასანანია, რომ დიალოგის რეჟიმს ზოგიერთი ადამიანი არ ემხრობა და კარვის გაშლის მეთოდს მიმართავს. კონსულტაციებისთვის ჩვენი კარი კვლავ ღიაა, თუნდაც იმისთვის, რომ ერთად დავთვალოთ ის მეტრები, რომელიც აშორებს კორპუსებს ციხის კედლებთან. ეს არის დაახლოებით 100 მეტრი, ერთად ვნახოთ რენდერები, პროექტები და ჯანსაღი დიალოგის ფარგლებში ვისაუბროთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მეორე დღეა, ციხის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას კარვებში მართავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner