logo_geo
eng_logo
გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქების მომზადების ფაქტზე 7 პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი
- +

16 აპრილი. 2019. 17:10

 

 

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქების მომზადების ფაქტზე 7 პირი დამნაშავედ ცნო.  სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისთვის დამნაშავედ იქნენ ცნობილი ბ.ბ., მ.ვ., ჯ.მ. და ვ.რ., სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის - საქართველოს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ლ.მ., დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის - ი.ბ., ხოლო  ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო  გადაზიდვის მცდელობაში დახმარებისთვის - ნ.ჭ.“ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 

„სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ ბ.ბ.-მ, მ.ვ.-მ, ჯ.მ.-მ და ვ.მ.-მ დაგეგმეს და მოამზადეს სოფ. საგურამოს მიმდებარედ, მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქება. ამ მიზნით ბ.ბ.-მ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობები და ჯ.მ.-სთან ერთად, ნ.ჭ.-ს დახმარებით შეეცადა მათ გადაზიდვას. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ლ.მ., რომელმაც არ მოახდინა შესაბამისი რეაგირება დანაშაულის აღსაკვეთად, ასევე საქმის კურსში იყო ი.ბ., რომელმაც მძიმე დანაშაულების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

 

სააპელაციო სასამართლომ  ბ.ბ. დამნაშავედ  ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 3231 მუხლის I ნაწილით (ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა),  ჯ.მ.  18-323-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-3231 მუხლის I ნაწილით (ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვის მცდელობა), მ.ვ.18-323-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადება), ვ.რ. 25-18-323-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებაში დახმარება), ნ.ჭ. 25-19-236-ე მუხლის IV ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვის მცდელობაში დახმარება), ლ.მ. 332-ე მუხლის I ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), ხოლო ი.ბ. 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა).

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით ბ.ბ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით, ჯ.მ.-ს და  მ.ვ.-ს 13 -13 წლით, ვ.რ.-ს 12 წლით, ნ.ჭ.-ს 7 წლით, ლ.მ.-ს 2 წლით, ხოლო ი.ბ.-ს 2 წლით, 1 თვით და 25 დღით  თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner