logo_geo
eng_logo
ანდერს ფოგ რასმუსენი: ერთადერთი ენა, რომელიც პუტინს ესმის, არის ძალა და ევროპისა და აშშ-ის ერთიანობა
- +

16 აპრილი. 2019. 17:16

 

 

NATO 70 წლის გახდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იუბილეზე ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ვრცელი წერილი გამოქვეყნა, რომლის დიდი ნაწილი საქართველოს ეხებოდა. ამ წერილში გამოთქმული მოსაზრებებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ანდერს ფოგ რასმუსენმა „პირველ არხთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

 

- პირველ რიგში, მინდა, გთხოვოთ, შეაფასოთ საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობები და გვითხრათ, თქვენი აზრით, რა არის მთავრი მიზეზი, რაც ხელს უშლის საქართველოს, გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი?

 

– საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობები ახლა უმაღლეს დონეზეა. ბოლო წლებში ეს ურთიერთობები გაუმჯობესდა. საქართველო სულ უფრო მეტ მოთხოვნას ასრულებს, რაც საჭიროა NATO-ში გაწევრიანებისთვის. ეს ეხება როგორც სამხედრო შესაძლებლობებს, ასევე, საქართველოს წვლილს NATO-ს სამხედრო ოპერაციებში, ასევე NATO-საქართველოს კომისიაც ძალიან კარგად მუშაობს. საქართველო აკმაყოფილებს თითქმის ყველა პირობას და მოთხოვნას, რათა გახდეს NATO-ს წევრი. მთავარი დაბრკოლება ამ გზაზე არის ტერიტორიული დავა რუსეთთან, რომელიც აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ ეხება.

 

- თქვენს სტატიაში საუბრობთ საქართვლოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე და ამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია, გახდეს ალიანსის წევრი კვიპროსის მაგალითზე. შეგიძლიათ აგვიხსნათ, რას ნიშნავს ეს და რამდენად ექნება ამ იდეას მხარდაჭერა ნატო-ში?

 

– რა თქმა უნდა, იქნება ბევრი სკეპტიციზმი, მაგრამ ვგულისხმობ შემდეგს. ჩვენ ვიცით, რომ NATO-ში არ არიან მოწადინებული, მოუგვარებელი დავების იმპორტი მოახდინონ, როგორიცაა აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, რადგან ეს ნეგატიურად იმოქმედებს NATO-ს მეხუთე მუხლზე, რომელიც ამბობს, რომ ალიანსის მოკავშირეები ვალდებულები არიან, დაიცვან ის წევრი, რომელიც აგრესიის მსხვერპლი გახდება რუსეთისგან ან ნებისმიერ სხვა ქვეყნისგან. ამიტომ, ცხადია, რომ ეს იქნება გამოწვევა, რადგან რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“. მაგრამ, თუ ჩვენ საჯაროდ ვაღიარებთ, რომ ეს არის წინაღობა და ბარიერი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე, მაშინ ეს ნიშნავს, რომ პუტინს ექნება დე-ფაქტო ვეტო და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის პირობებში, რუსეთი დაბლოკავს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. ერთადერთი გზა ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად, არის საქართველოსთან ისე მოქცევა, როგორც ევროკავშირი მოიქცა კვიპროსის შემთხვევაში. ჩვენ უნდა დავთანხმდეთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, როგორც ევროკავშირი დათანხმდა კვიპროსის მიღებას, მაგრამ ამავე დროს განვაცხადოთ, რომ NATO-ს წესები, ვალდებულებები, მათ შორის მეხუთე მუხლიც არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც ევროკავშირის წესები არ ვრცელდება კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილზე.

 

- როგორც შეაფასებდით დღეს, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რა დროსაც საქართველომ და უკრაინამ წევრობის სამოქმედო გეგმის ნაცვლად მიიღეს მხოლოდ დაპირება, რომ ორივე ქვეყნა გახდება NATO-ს წევრი. ეს შეცდომა იყო?

 

– დიახ, ჩემი აზრით, ეს იყო შეცდომა. მე მხარს ვუჭერდი საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემას, მაგრამ სამწუხაროდ NATO-ს ელჩებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. ამით, ჩემი აზრით ჩვენ სახიფათო გზავნილი გავაკეთეთ. ჩვენ ვაჩვენეთ პუტინს და მედვედევს, რომ NATO სუსტია. შედეგად, 2008 წელს ისინი თავს დაესხნენ საქართველოს და მოახდინეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ჩემი აზრით, ეს არ მოხდებოდა, თუ ჩვენ მოსკოვს მკაფიო სიგნალს გავუგზავნიდით და საქართველოს და უკრაინას NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმას მივანიჭებდით. ეს ნამდვილად იყო შეცდომა.

 

- შეგიძლიათ, გვითხრათ თქვენი მოსაზრება NATO-ს წევრების მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ ე.წ. შავი ზღვის პაკეტის შესახებ და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი ალიანსისთვის?

 

– შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობა NATO-ს უსაფრთხოებისთვის სულ უფრო გაიზრდება. რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ აზოვის ზღვაში არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ეს რეგიონი რუსეთისთვისაც სტრატეგიულია. ეს არის საკითხი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ალიანსის ორი წევრი ქვეყნის უსაფრთხოებას, რუმინეთისა და ბულგარეთის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს და ნატო გააფართოებს წარმომადგენლობას შავ ზღვაში.

 

- ბოლო პერიოდში, ხშირად ვისმენთ აშშ-ის პრეზიდენტისგან მოწოდებას ევროპელი მოკავშირეებისადმი, რომ უფრო მეტი უნდა დახარჯონ თავდაცვაში. ხომ არ უქმნის ეს დავა საფრთხეს ალიანსს?

 

– ვეთანხმები აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ ევროპელებმა თავდაცვაში გაცილებით მეტი უნდა დახარჯონ. სინამდვილეში, ეს ასეც არის. 2014 წელს გამართულ სამიტზე, როდესაც ჯერ კიდევ NATO-ს გენერალური მდივანი ვიყავი, მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ მომდევნო 10 წელიწადში, ანუ 2025 წლამდე ყველა მოკავშირე დააკმაყოფილებს ალიანსის მოთხოვნას და სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მიაღწევს. 2014 წელს ამ ვალდებულებას მხოლოდ სამი მოკავშირე ასრულებდა. ჩემი გათვლებით, 2019 წლის ბოლოს ამ კრიტერიუმს უკვე რვა წევრი დააკმაყოფილებს. 2014 წლის შემდეგ ევროპელმა მოკავშირეებმა გაზარდეს თავდაცვის ხარჯები 500 მილიარდამდე. ასე რომ, ჩვენ სწორ გზაზე ვართ. ჩემი აზრით, ევროპელებმა უნდა გააგრძელონ ხარჯების გაზრდა, რადგან რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ რადიკალურად განსხვავებული რეალობა და გარემო შექმნა. ეს მოითხოვს მეტ ინვესტიციებს თავდაცვაში.

 

- ჩემი ბოლო კითხვა არის უკრაინის არჩევნების შესახებ. როგორც თითქმის ყველა ვარაუდობს, ვლადიმირ ზელენსკი გაიმარჯვებს. რით განსხვავდება პეტრო პოროშენკოსა და ზელენსკის საგარეო პოლიტიკური კურსი?

 

– შევხვდი ორივე კანდიდატს. ეს შეხვედრა დამაიმედებელი იყო. ჩვენ ვიცით, რომ პეტრო პოროშენკო აპირებს რეფორმების გაგრძელებას. ვიცით, რომ ის მხარს უჭერს ევროკავშირსა და NATO-ს. ის პირობას დებს, რომ უკრაინის ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების პროცესს დააჩქარებს. ბატონი ზელენსკის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით, მაგრამ ჩვენს შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ მას მეტი იდეა და ხედვა აქვს, ვიდრე ეს ხალხს ჰგონია. ისიც აპირებს რეფორმების კურსის გაგრძელებას. ასევე უჭერს მხარს ევროკავშირს და NATO-ს. მას ჰყავს კომპეტენტური გუნდი, რომელიც დაეხმარება, იყოს ეფექტური პრეზიდენტი. საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ რუსეთს მკაფიო სიგნალი, ნუ შეეცდები პრეზიდენტის გამოცდას და არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოროშენკო იქნება თუ ზელენსკი, არ გამოაცადოთ უკრაინის სიმტკიცე, რადგან რუსეთის აგრესიას მტკიცე პასუხი შეხვდება.

 

- მაგრამ ზელენსკი ამბობს, რომ ის მზად არის პუტინთან მოსალაპარაკებლად, თქვენი აზრით, ეს კარგი იდეაა?

 

– პოროშენკოც საუბრობს პუტინთან, მინსკის ფორმატის ფარგლებში. დიახ, ეს კარგი იდეაა. განიხილო ეს საკითხები პუტინთან, მაგრამ ამავე დროს შენ უნდა გქონდეს მტკიცე პოზიცია, რომ დათმობას არ აპირებ, რადგან ნებისმიერ სისუსტეს პუტინი სათავისოდ გამოიყენებს. ერთადერთი ენა, რომელიც პუტინს ესმის, არის ძალა და ევროპისა და აშშ-ის ერთიანობა.

 

 

 

ავტორი - ლევან ახალაია

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner