„ბულგარეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - ამის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, პოლიტიკურ თანამშრომლობასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივებზე.
პრეზიდენტმა რადევმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონი ბულგარეთისთვის პრიორიტეტულია და ქვეყანა მხარს დაუჭერს ყველა პროექტს, რომელიც შავი ზღვის საკომუნიკაციო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად ათვისებას შეუწყობს ხელს.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ბულგარეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობის როლს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების უზრუნველყოფაში. მხარეებმა ისაუბრეს პოტენციურ პროექტებზე, რომელთა განხორციელება ამ კუთხით არსებული შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებას შეუწყობს ხელს.
ყურადღება გამახვილდა საბორნე მიმოსვლის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე, რაც საქართველოსა და ბულგარეთის საზღვაო პორტებს შორის კავშირებს განამტკიცებს.
ბულგარეთის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ახალი ციფრული დერეფნის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონულ გამოწვევებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს.
ქართულმა მხარემ ბულგარეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევს ბულგარეთის პირველი კონსტიტუციის მიღების 140 წლის იუბილეც მიულოცა, რომელსაც ბულგარეთი 16 აპრილს ზეიმობს.