კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს პროკურატურას მოსახლეობის ნახევარზე მეტი - 52% ენდობა.
მათგან 22% აცხადებს, რომ პროკურატურას სრულად ენდობა, 30% კი აღნიშნავს, რომ უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა მას.
გამოკითხულთა 44% -ს მიაჩნია, რომ პროკურორების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება კონკრეტულ საქმეზე მუშაობისას იშვიათად ხდება, 27% ამბობს, რომ ხშირად ხდება, 8% კი აცხადებს, რომ არასდროს ხდება. ამ კითხვას პასუხი ვერ გასცა მოსახლეობის 21%-მა.
რესპონდენტთა 37% -აცხადებს, რომ იშვიათად ხდება საქართველოში პროკურორების გარიგება მოსამართლეებთან მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად , 23%-ს მიაჩნია, რომ ეს ხშირდ ხდება, 12%-ამბობს, რომ არასდროს ხდება. 28%-მა კი „არ ვიცი“ პასუხი დააფიქსირა.
გამოკითხვაში მონაწილეთა 41%-ს მიაჩნია, რომ პროკურატურა ობიექტურად განახორციელებს მოქმედი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნას იგივე რაოდენობა (41%) აცხადებს, რომ პროკურატურა მათ სამართლებრივ დევნას არაობიექტურად განახორციელებს.
საქართველოს მოსახლეობის მოსაზრება ყოფილი მაღალჩინოსნების შემთხვევაშიც გაყოფილია, 41%-ის თქმით, პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნას ობიექტურად განახორციელებს, ხოლო 38%-ის აზრით - არაობიექტურად.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის ფარგლებში ჩატარდა 599 დასრულებული ინტერვიუ. შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობისთვის. ცდომილების საშუალო ზღვარი 2.4%-ს შეადგენს.