„კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტი თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს“, - ასე შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის ვიზიტი საქართველოში.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კვიპროსი საქართველოს სუვერენიტეტის აქტიური მხარდამჭერია.
„უნდა აღინიშნოს, რომ მართლაც ისტორიული ვიზიტია. კვიპროსი არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი ღონისძიებები რაც არის დაგეგმილი იქაც გვექნება კვიპროსის მტკიცე მხარდაჭერა. დღეს აღინიშნა, რომ აუცილებელია ეკონომიკური განზომილების კიდევ უფრო მეტად წამოწევა, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და ვფიქრობ, ეს ვიზიტი თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი საქართველოს გუშინ ეწვია. მას მაღალი დონის შეხვედრები აქვს დაგეგმილი, ხვალ კი ქვეყანას დატოვებს.