პარლამენტის პლენარული სხდომა მცირე კამათით დაიწყო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უკმაყოფილება სხდომის 1 საათით დაგვიანებით დაწყების გამო გამოთქვეს.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ სხდომის დაგვიანებით დაწყების მიზეზის განმარტებას სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების რეპლიკები მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას ხმის დაწევისკენ მოუწოდა.
„ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია. ხმას დაუწიეთ, ბატონო ნიკა, თორემ კარგად გიპასუხებთ. შესვენების გამოცხადების მიზეზი იყო ის, რომ იმართებოდა შეხვედრა, რომელიც იმ საკითხს ეხებოდა, რომელიც ახლა უნდა გამოვიდეს განსახილველად. ამიტომ, მიზეზი იყო არა ის, რომ მე არ ვესწრებოდი სხდომას, არამედ გამოსატანი იყო შესაბამისი საკითხი და მომხსენებელი ვერ იქნებოდა აქ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.