საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მას მიუღებელი ფაქტი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერებს თმენის მაღალი ვალდებულება გააჩნიათ და მოუწოდა მათ, არ ჩაერთონ არანაირ დაპირისპირებაში.
„ეს არის მიუღებელი და სამწუხარო ინციდენტი, რომელიც მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება და მინდა, უპირველესად ჩვენი მხარდამჭერების გასაგონად ვთქვა, რომ ეს არ არის ჩვენი სტილი, ჩვენ არ ვაპირებთ არჩევნების ამ სტილში ჩატარებას. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ ძალადობისგან თავისუფალი საარჩევნო უბანი, რათა მოქალაქეებმა შეძლონ თავისუფალ გარემოში, კონფრონტაციისა და ასეთი ტიპის დაპირისპირების გარეშე, საკუთარი ნების გამოხატვა. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობისთვის უმნიშვნელოვანესი და მინდა, ყველა ჩვენს მხარდამჭერს ვუთხრა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს გვეკისრება თმენის უდიდესი პასუხისმგებლობა. ასევე, სამოქალაქო პირებს, რომლებიც არ არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ არიან სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები, ზუსტად ასეთივე თმენის ვალდებულება ეკისრებათ. მათი თმენის ვალდებულება გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე იმ სხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერებისა, რომლებმაც შეიძლება ხშირ შემთხვევაში პროვოკაციულადაც იმოქმედონ", - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე და ძალოვან უწყებებს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდა.
„მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც მე დიდი ყურადღებით ვაკვირდები. ასევე, პრევენციისათვის უნდა მოხდეს სწორი რეაგირება. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ ასეთი ძალადობრივი ფაქტების მიმართ და იყოს მაქსიმალური მობილიზება შემდგომში, როდესაც ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს პრევენციული ზომები მიღებული, რათა ასეთი ინციდენტები აღარ განმეორდეს. ძალოვანი უწყებები განსაკუთრებით უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ასევე, მე დავალება მივეცი იუსტიციის სამინისტროს, რომ წარმოადგინოს ამგვარ მოვლენებზე, სახელმწიფოს რეაგირების და სასჯელის გამკაცრების კუთხით, საკანონმდებლო ინიციატივა და მთავრობის სხდომას სწორედ ამ ინიციატივის განხილვით დავიწყებთ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.