თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „პანორამა თბილისი“ მერიის საზედამხედველო სფეროში არ არის. ამის შესახებ ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ „პანორამა თბილისის“ პროექტი მასშტაბურია, ის მე-5 კატეგორიაშია გაყვანილი. შესაბამისად, ხმალაძის თქმით, სამშენებლო ობიექტი ეკონომიკის სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშ არის.
„კანონმდებლობა განსაზღვრავს, რა არის მეხუთე კლასი და რა არის მეოთხე კლასი. მისი ფუნქციური დანიშნულებიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე, რადგან მასშტაბურია ობიექტი, ამიტომ გაყვანილი იყო მეხუთე კატეგორიაში, რომლის მშენებლობის ნებართვასაც და სამშენებლო ზედამხედველობასაც ახორციელებს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამ შემთხვევაში, ეს ობიექტი მერიის საზედამხედველო არ არის“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.