ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ოპონენტები დიდი სიმძაფრით ებრძვიან, რადგან დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს და საკუთარი ფუნქციები იცის.
ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა მდინარაძე დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე ოპონენტებისთვის ძლიერი და უხერხული მეტოქეა.
„სადმე გინახავთ, რომ სუსტ პოლიტიკურ ოპონენტს ებრძოდნენ? ლოგიკურია, რომ განსაკუთრებული სიმძაფრით ძლიერ პოლიტიკურ ოპონენტს ებრძვიან. ირაკლი კობახიძის მიმართ დაბრალებებით, ტყუილებითა და მანიპულაციებით პიარკამპანიის აგორების შტურმი მიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე ძალიან ძლიერი პოლიტიკური ოპონენტია და მის საწინააღმდეგოდ არაჯანსაღ კამპანიას ვხედავთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის კამათი მოხდა. ამასთან, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის ყველა დარღვევას აგროვებს და მისი პასუხისმგებლობის საკითხს დასვამს.