„ნაციონალური მოძრაობა" კორცხელში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილედ მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძეს ასახელებს. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, კი ვლადიმერ გეგეშიძის ძმა გეგა გეგეშიძე ვახტანგ გომელაურის დაცვის უფროსი გახლავთ. ამის შესახებ ინფორმაცია გადაცემა „არჩევანმა" გაავრცელა.
სუს-ის წარმომადგენელი ნინო გიორგობიანი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ არც ერთ ეტაპზე გეგა გეგეშიძეს ვახტანგ გომელაურის დაცვასთან შეხება არ ჰქონია.
„ეს არის სრული სიცრუე. ის ვახტანგ გომელაურის არც დაცვის უფროსი და არც დაცვის წევრი არასდროს ყოფილა. მას შეხება საერთოდ არა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ისევე, როგორც გადაცემაში ნახსენებ ამირან ჯორბენაძეს. ეს არის დეზინფორმაცია. მათ შეეძლოთ, ინფორმაცია მარტივად გადაემოწმებინათ ჩვენთან, რაც სამწუხაროდ არ მომხდარა", - აცხადებს ნინო გიორგობიანი.
„პრაიმტაიმნიუსი" პირადად გეგა გეგეშიძესაც დაუკავშირდა. მისი თქმით, ის წარსულში მხოლოდ ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვაში მუშაობდა და სამსახური შს უწყებიდან ჭიკაიძის წასვლასთან ერთად დატოვა.
„გომელაურის დაცვაში არასდროს ვყოფილავარ. საერთოდ არ მქონია შეხება. ისეთ რაღაცეებს ამბობენ, საერთოდ რომ არაფერ შუაში ვარ. იგივე კორცხელის ინციდენტი დუშეთში, ტელევიზიით გავიგე", - აცხადებს გეგა გეგეშიძე.
„პრაიმტაიმნიუსს" გადაცემა „არჩევანში" განუმარტეს, რომ ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის" ბრიფინგზე დაყრდნობით გავრცელდა, თუმცა, როგორც სუს-ში განმარტავენ, ტელეკომპანიას ინფორმაცია მათთან არ გადაუმოწმებია.