პარტია “ქართული ოცნების” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, “ღირსების ორდენის” კავალერი ლადო კახაძე “ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ” “საუკუნის ექიმის” ნომინაციაზე წარადგინა.
როგორც მან რუსთაველის თეატრში, საქველმოქმედო ღონისძიებაზე “ექიმები ექიმებისთვის და მეგობრები ექიმებისთვის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს მედიცინაში გადადგმული წარმატებული ნაბიჯები იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც წარუშლელი კვალი დატოვა ამ სფეროში.
„მადლობა თითოეულ თქვენგანს, ორგანიზატორებს. “დიდი მადლობა ვინც გვასწავლა” – ასე იწყება ჩვენი, ექიმების ფიცი. ბევრი ვალდებულება აქვს ექიმს – კაცს თავსი მოსაკლავი გზა არ ასწავლოო; ქალს მუცლის მოსაშლელი გზა არ ასწავლოო; შემთხვევით გაგებული საიდუმლო არ გასცეო და ბოლოს გახსოვდეს არა ავნო რაო. თორემ, შენ იმ დაავადების მხარეს დადგები, რომელიც შენგან ვნებას გამოიყენებს, დაავადება იქ არაა სადაც რწმენა, სიყვარული და ერთგულებაა. თუ მედიცინა დღეს წარმატებულ ნაბიჯებს დგამს, ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც თავისი თავი წარუშლელად დატოვა ამ სფეროში და გაზარდა თაობები. გისურვებთ ჯანმრთელობას, იმედიან მომავალს და თქვენი შვილების თვალით დანახული მომავლის რეალიზებას”, - განაცხადა ლადო კახაძემ სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისათვის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის დიდ დარბაზში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით “ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის” 5 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა, რომელის სახელწოდებაა – “ექიმები ექიმებისთვის და მეგობრები ექიმებისთვის”.
შემოსული თანხა მთლიანად საზღვრისპირა ზოლში მცხოვრებ, თანამემამულეების სამედიცინო პრობლემებსა და უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეების დახმარებას მოხმარდება.
ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და საზოგადოებისთვის სხვა ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.