პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, მმართველი გუნდის წევრები პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ერთად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე მსჯელობენ.
მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, შენიშვნების ძირითად ნაწილს გაითვალისწინებენ, თუმცა არის პუნქტები, რომლის ირგვლივაც გუნდში განსხვავებული პოზიციებია, მათ შორისაა კონკურსში მონაწილე არა მოსამართლე კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებისა და კენჭისყრის ღია მეთოდით ჩატარების საკითხები. ასევე, წინასწარი განცხადებებიდან ირკვევა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს იმ პუნქტის გათვალისწინებას, რომლის მიხედვითაც, ევროპელი ექსპერტები მმართველი გუნდს ურჩევენ, მოსამართლეთა ერთი ნაწილი მომავალი მოწვევის პარლამენტმა შეარჩიოს. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ აღნიშნული რეკომენდაცია პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება.
უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, 12:00 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომა დაიწყება და უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.
უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დეპუტატები 19 აპრილს სესიაზე უყრიან კენჭს.
ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები 16 აპრილს გამოაქვეყნა.