საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის თემურ ჯანაშიას წინააღმდეგ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, ბრალდების მხარის მთავარი მოწმის დაკითხვა გადაიდო.
ოთარ ქველიძე, რომლის დაკითხვაც დღეს იყო დაგეგმილი, თემურ ჯანაშიას დანიშვნამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა.
დაცვის მხარის მოუცლელობის მოტივით, ოთარ ქველიძის დაკითხვა 16 მაისს, 11:00 საათზე გადაიდო.
პროკურორი ამბობს, რომ ქველიძე მნიშვნელოვანი მოწმეა და მისი ჩვენებით ბრალდების პოზიცია კიდევ უფრო გამყარდება.
თემურ ჯანაშიას ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, თუ ჯანაშია ბრალდებულის სტატუსს ატარებს, ქველიძე კი - მოწმეა, ეს შერჩევით სამართალზე მიუთითებს, რადგან სდსს-ში ქველიძის დროსაც ის ხარჯები გაიწეოდა, რაც ამ თანამდებობაზე ჯანაშიას მუშაობისას.
რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, თემურ ჯანაშიას ადვოკატმა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი წერილი წარადგინა, რომელიც ბექა ბასილაიას მტკიცებით, ადასტურებს, რომ 2013 წლიდანაც, როგორც მანამდე, პრეზიდენტისთვის გარკვეული თანხები იხარჯებოდა და ის გრიფით საიდუმლოა.
ამ წერილის მტკიცებულებად დაშვებაზე პროკურატურამ უარი თქვა, მოტივით, რომ წერილი არაფერს ადასტურებს და მასში მითითებული არ არის, რა განკარგულებებია გაცემული და რის თაობაზე. მოსამართლემ დოკუმენტი მტკიცებულებად არ დაუშვა.