პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პარლამენტში, სადაც განიხილავენ ინიციატივას, რომ კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერი უფრო ცხადი გახდეს, განაცხადა, რომ როგორი აუცილებელიც იყო პარლამენტის მხრიდან ანტიდისკრიმინაციული კანონის მხარდაჭერა, ისეთივე მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში აღნიშნული ცვლილების განხორციელება.
„როცა კანონმდებელი ქორწინების მუხლის დეფინიციას ახდენდა, სწორედ ქალისა და მამაკაცის ქორწინებას გულისხმობდა და ამაში სხვა არაფერი იგულისხმებოდა, ამიტომ ჩემთვის გასაკვირია, რომ გვიწევს ამ ტრიბუნიდან საუბარი მარტივ ჭეშმარიტებაზე, ისეთ საკითხზე, რომელიც თითქოს არ არის სადავო და ისედაც ცხადია, თუმცა ჩემი აზრით, როგორც აუცილებელი და მნიშვნელოვანიც იყო პარლამენტის მხარდაჭერა ანტიდისკრიმინაციული კანონისა, როგორ ერთსულოვნადაც მივიღეთ ის კანონი, ასევე მგონია, რომ მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში აღნიშნული ცვლილების გამხორციელება. მე არ მგონია, რომ 113 ადამიანი ვერ უნდა მოიძებონოს ამ დარბაზში, რომელიც ამას მხარს დაუჭერს. იმედი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს დარბაზში კოლეგების სიმცირეა, თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ კენჭი ვუყაროთ ამ საკითხს, ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მხრიდანაც იქნება გამოხატული სურვილი, მიუხედავად მათი ბოიკოტისა, რომ ამ საკითხს მხარი დაუჭიროს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
პარლამენტი ამ წუთებში კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის საკითხს იხილავს. აღნიშნული ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ" მოამზადა, რომელსაც უმრავლესობაში „რესპუბლიკელების" ნაწილის გარდა მხარს ყველა უჭერს. ცვლილებების მიღებას 113 ხმა სჭირდება.