„პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე დაშავებული მუშები აცხადებენ, რომ სამშენებლო პროცესის დროს უსაფრთხოების ნორმები თავად არ დაიცვეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მუშებმა თავად განუცხადეს.
მათი თქმით, ისინი დამცავ საშუალებებს მუდმივად იყენებენ, მაგრამ დაბალი სიმაღლიდან გამომდინარე, ამჯერად დამცავ საშუალებებზე უარი თქვეს.
ერთ-ერთი მუშის, გიორგი ლიპარტელიანის თქმით, სპეციალური ღვედის გაკეთება არ მიიჩნიეს საჭიროდ, რადგან მცირე ხნის, დაახლოებით 1-2 საათის სამუშაო ჰქონდათ შესასრულებელი.
„ჩვენი უფროსიც გასული იყო. მალე რომ დაგვემთავრებინა, ასე მოვიქეცით. სიმაღლეზე ასვლისას ეს კონსტრუქცია გამოედო აივანს, კონსტრუქცია გადმოიწია, ცალი მხარე ჩამოვარდა და ცალი მხარე კორპუსის აივანზე შერჩა. ვეღარ გავსწორდით და გადმოვვარდით. რეალურად დავარღვიეთ უსაფრთხოება. როცა მუშაობას ვიწყებთ, სულ ვიცავთ ხოლმე უსაფრთხოებას. სამუშაო საათების დროს მოხდა ეს შემთხვევა“, – განაცხადა გიორგი ლიპარტელიანმა.
მეორე მუშა, ნოდარ ჩახალიანი ამბობს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო მესამე მუშა დღეს გადაიყვანეს პალატაში.
„ჩვენი მდგომარეობა უკეთ არის. მესამე ცოტა მძიმედ იყო და როგორც ვიცით, დღეს გადაიყვანეს პალატაში. ჩვენი ვარდნა მოხდა 8-9 მეტრის სიმაღლიდან. სიმაღლე არ იყო ისეთი, რომ დამცავი გაგვეკეთებინა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დამცავის გარეშე ვმუშაობდით“, – განაცხადა ნოდარ ჩახალიანმა.