„შეიძლება იშვიათად, მაგრამ სხვები მსგავს სიტყვებს ვიყენებთ, ეს ხდება ცხოვრებაში და უნდა მოვიტყუო, რომ ვთქვა - არა, მაგრამ ირაკლისგან მსგავსი სიტყვა არ მომისმენია და ნუ დავაბრალებთ“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მიმართ უწმაწური სიტყვა გამოიყენა.
მდინარაძის თქმით, უწმაწური სიტყვები კობახიძის „სტილში არ ზის“.
„ეტყობა, გვარამიამ რომ მოუსმინა ჩანაწერს, სხვანაირად ვერ წარმოიდგინა. გვარამიას რომ ბილწსიტყვაობა უკვირს ვიღაცის. თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლისგან მსგავსი რამ არასდროს მომისმენია და გამორიცხულია. არ უთქვამს, არ იტყვის, რადგან ცხოვრებაში მსგავსი სიტყვები არ გამოუყენებია - დააბრალეს, ფაქტია. ჩანაწერშიც ვნახე და იქ მსგავსი რამ არ მომისმენია. სხვას რომ ეთქვა, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა. შეიძლება იშვიათად, მაგრამ სხვები მსგავს სიტყვებს ვიყენებთ, ეს ხდება ცხოვრებაში და უნდა მოვიტყუო, რომ ვთქვა - არა, მაგრამ ირაკლისგან მსგავსი სიტყვა არ მომისმენია და ნუ დავაბრალებთ ისეთ რამეს, რაც ადამიანის სტილში საერთოდ არ ზის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.