ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავას განცხადებით, დღის წესრიგში დგას ინიციატივა, რომ პანკისში მცირე ჰესების მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ინვესტორის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხზე სამმხრივი შეთანხმება გაფორმდეს.
როგორც სოფელ დუისში, პანკისის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია შეთანხმებაზე, ინვესტორს, სახელმწიფოსა და უხუცესთა საბჭოს შორის.
თურნავამ ადგილობრივებთან შეხვედრა დადებითად შეაფასა. მისი თქმით, საუბარი შეეხო ხეობაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, მათ შორის მცირე ჰესების მშენებლობის საკითხს.
„ვისაუბრეთ, რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს ადგილობრივებს კონკრეტულმა პროექტმა. ინვესტორიც გვესწრებოდა. ძალიან კარგი ინიციატივა არის დღის წესრიგში და ვფიქრობთ, განვახორციელებთ. ეს არის სამმხრივი შეთანხმება, რომელიც დაიდება ხელისუფლებას, ადგილობრივ უხუცესთა საბჭოსა და ინვესტორს შორის. ჩვენ ვიქნებით გარანტორი, რომ ყველა ვალდებულება, რასაც ინვესტორი აიღებს ადგილობრივების წინაშე, ეს იქნება დასაქმება, ინფრასტრუქტურა თუ ადგილობრივი ფონდის შექმნა, ყველაფერი უკლებლივ შესრულდება“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.