logo_geo
eng_logo
საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტში გადაიყვანეს
- +

18 აპრილი. 2019. 18:50

 

 

საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გადაიყვანეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

 

მიგრაციის დეპარტამენტში მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები მათი უსაფრთხოების დაცვის შესახებ ოფიციალურ განცხადებას შეავსებენ.

 

საქართველოს პირველმა არხმა დებთან გასაუბრებაც მოახერხა. ისინი აცხადებენ, საუდის არაბეთი მძიმე პირობებისა და მათი უფლებების მუდმივი დარღვევის გამო დატოვეს. დები აცხადებენ, რომ ოჯახის წევრების მოთხოვნის საფუძველზე, საუდის არაბეთმა მათი პასპორტები გააუქმა.

 

მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები საქართველოში თავშესაფრის მაძიებლებისთვის განკუთვნილი შესაბამისი პროცედურების გავლას დათანხმდნენ, თუმცა დები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნაა მესამე ქვეყანაში გადაყვანა, რომელსაც საუდის არაბეთთან უვიზო მიმოსვლა არ ექნება, რათა ოჯახის წევრებმა ჩამოსვლა და ზიანის მიყენება ვერ შეძლონ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ მისამართზე, სადაც დები მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები დროებით ცხოვრობენ. ინფორმაციისა და შესაბამისი განმარტებების მიღების შემდგომ, დები დათანხმდნენ მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადაყვანას თავშესაფრის მაძიებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გასავლელად.

 

საუდის არაბეთიდან გაქცეულმა დებმა მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვიდეომიმართვა და პასპორტების ფოტოები გამოაქვეყნეს და გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოსგან დაცვა ითხოვეს. მათი თქმით, საქართველოში დების საძებნად მათი მამა და ძმები ჩამოვიდნენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner