გასულ კვირას „ქართული ოცნება“ კიდევ ორმა წევრმა დატოვა: ჯაბა ჯიშკარიანმა და ვატო შაქარიშვილმა. მიზეზად სასამართლოში არსებული კლანური მმართველობა დაასახელეს. თანაგუნდელების წასვლასა და სასამართლოში არსებულ ვითარებაზე ქუცნაშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.
მისი თქმით, პოლიტიკური გაერთიანებების წევრობა ნებაყოფლობითია. შესაბამისად, ზოგი დატოვებს, ზოგი კი შეუერთდება გუნდს. რაც შეეხება მოსამართლეთა შესარჩევ კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ქუცნაშვილი არც მხარს უჭერს და არც ეწინააღმდეგება.
„ინიციატივისთვის არც მხარი დამიჭერია და არც წინააღმდეგ წავსულვარ. თავი შევიკავე იმის გამო, რომ არის ინიციატივები, რომლებიც არ მომეწონა, თუმცა ერთი მომეწონა. კერძოდ ის, რომ მოსამართლეებმა საინფორმაციო ფურცელი უნდა შეავსონ. ამით ჩვენ და საზოგადოებას მოგვეცემა საშუალება, საინფორმაციო ფურცლებში მოყვანილი გარემოებები გადავამოწმოთ.
არ მომეწონა ის, რომ ინიციატორები, ერთი მხრივ, ამკაცრებენ მოსამართლეების სამუშაო გამოცდილებას - 10 წლამდე ზრდიან სტანდარტს, მეორე მხრივ, ამტკიცებენ კვალიფიკაციის სტანდარტს. მათივე ინიციატივით, მოსახლეობის მაძიებლები აღარ იქნებიან ვალდებული, რომ მოსამართლის გამოცდა ჩააბარონ. არ მომეწონა ისიც, რომ შარშან დეკემბერში ამოქმედებული კონსტიტუციის თანახმად, მოსამართლეთა შერჩევა- დასახელება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივაა, კანონპროექტის ავტორები კი საბჭოსთვის ამ ფუნქციის ჩამორთმევას ითხოვენ. მათი აზრით, საბჭომ მხოლოდ გამტარის როლი უნდა შეასრულოს. ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვას - თუ რატომ არის „ოცნებისთვის“ პრინციპული კლანად შერაცხილი დაჯგუფების მხარდაჭერა, ქუცნაშვილი პასუხობს:
„ისე წარმოაჩენენ, ვითომ ეს კანონპროექტი მურუსიძეზეა მორგებული. არადა, როგორც ვიცი, მურუსიძეს არც სურს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა. ამიტომ უწოდა ამ პროცესს ბიძინა ივანიშვილმა ღია კარის მტვრევა“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.