საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, სამუშაო ვიზიტით UEFA-ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სფფ-ში სამუშაო შეხვედრების შემაჯამებელი სესია გაიმართა. ვიზიტის მთვარი თემა - სამოქმედო გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია და მასობრივი ფეხბურთის მოკლე და გრძელვადიანი გეგმის შემუშავება გახლდათ.
„UEFA-ს წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს ის გამოცდილება, რომელიც არსებობს წამყვან ევროპის ქვეყნებში. შეხვედრები ძალიან წარმატებული და პროდუქტიული იყო. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობით ერთად გადავდგამთ ნაბიჯებს ქართული ფეხბურთის წარმატებისკენ", - აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი მმართველი გუნდი ჰყავს და კარგ პოზიციაშია ცვლილებების განსახორციელებლად. თანამედროვე ფეხბურთში დასაქმებული საუკეთესო ექსპერტები ჩამოვიყვანეთ თბილისში, რათა გაუზიარონ თავისი გამოცდილება სფფ-ს. მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ განსახორციელებელი პროგრამის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხანგრძლივი თანამშრომლობა გვექნება", - განაცხადა UEFA-ს მარკეტინგის მენეჯერმა ნოელ მუნმა.