logo_geo
eng_logo
ვინ არის ზუგდიდში დაჭრილი ახალგაზრდა – დამნაშავის ვინაობა ცნობილია
- +

18 აპრილი. 2019. 23:27

 

 

„კვირას“ ინფორმაციით, ზუგდიდში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი, 28 წლის ალეკო ლაგვილავაა. როგორც მმართველი პარტიის ზუგდიდის ოფისში აცხადებენ, ლაგვილავა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, თუმცა პარტიაში ინციდენტს მის პოლიტიკურ საქმიანობას არ უკავშირებენ. მათივე ცნობით, შემთხვევა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა.

 

„როგორც ცნობილია, მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელსაც ამ დროისთვის უტარდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. არ ვფლობთ ინფორმაციას მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების შესახებ. რაც მნიშვნელოვანია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა სწრაფი რეაგირება და დაწყებულია გამოძიება. ძალოვანი უწყება იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა სწრაფად დადგინდეს მომხდარის დეტალები, გამოვლინდეს და კანონის შესაბამისად, პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე. ჩვენც, საზოგადოებასთან ერთად, ველით გამოძიების შედეგებს”, – განაცხადეს “ქართული ოცნების” ზუგდიდის ოფისში.

 

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, სოფელ გრივოლიშში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

 

„112-ის მიერ შემოყვანილია 28 წლის მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით აღენიშნებოდა ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში. აღენიშნებოდა შინაგანი სისხლდენა. პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა და მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება”, – განაცხადა მაია ესებაუამ.

 

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია. ამ დროისთვის, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner