logo_geo
eng_logo
ვლადიმირ ზელენსკიმ გუნდის წევრები წარადგინა
- +

19 აპრილი. 2019. 01:24

 

 

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა, შოუმენმა და მსახიობმა ვლადიმირ ზელენსკიმ საკუთარი გუნდი წარადგინა. გუნდის პრეზენტაცია ზელენსკიმ ტელეკომპანია „1+1“-ის ეთერში გამართა.

 

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, ეს ადამიანები მის ადმინისტრაციაში იმუშავებენ.

 

ვლადიმირ ზელენსკის გუნდის წევრებს შორის არიან იურისტი რუსლა სტეფანჩუკი, რომელიც სამართლებრივ რეფორმაზე იმუშავებს; ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალექსანდრ დანიულიუკი, რომელიც საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ივან აპარშინი, უკრაინაში ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი ჯანდაცვის საკითხებზე იმუშავებს.

 

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ ვლადიმირ ზელენსკი სატელევიზიო ეთერში პირველად გამოჩნდა. მისი განმარტებით, ის იშვიათად მონაწილეობს თოქ-შოუებში, რადგან მას „ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებთან“ სასაუბრო არაფერი აქვს.

 

ამასთან, მან დაადასტურა, რომ 19 აპრილს კიევის სტადიონზე პეტრო პოროშენკოსთან დებატებზე მივა.

 

ზელენსკის თქმით, მისი საქმიანობა ძირითადად ორიენტირებული იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. დონბასში მიმდინარე კონფლიქტზე საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრორუსი სეპარატისტებისთვის ამნისტიის გამოცხადებას მხარს არ უჭერს.

 

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner