logo_geo
eng_logo
2016-2018 წლებში სამხედრო სამსახურში გაწვევა 323 967 წვევამდელს გადაუვადდა...
- +

19 აპრილი. 2019. 11:46

 

„სამი წლის განმავლობაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა 323 967 წვევამდელს გადაუვადდა“, - ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა.

 

უწყების ცნობით, 2016-2018 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთი წლით გადავადებისთვის 2000 ლარი 2 419 ადამიანმა გადაიხადა, რაც ჯამში 4.8 მლნ ლარს შეადგენს.

 

კერძოდ, სამხედრო სამსახურის გავლას თანხის გადახდა 2016 წელს 731-მა, 2017 წელს 814-მა, გასულ წელს კი 874 ადამიანმა არჩია.

 

2016-2018 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა 7 286 მღვდელმსახურსა და სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეს გადაუვადდა. კერძოდ, 2016 წელს - 426 მღვდელმსახურსა და სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეს, 2017 წელს 553-ს გადაუვადდა, გასულ წელს კი ეს რიცხვი დაახლოებით 11-ჯერ, 6307-მდე გაიზარდა.

 

ამასთან, აღნიშნულ წლებში სამხედრო სამსახური არ გაიარა 136 152 სტუდენტმა.

 

რაც შეეხება სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების სხვა მიზეზებს, გასული წლის განმავლობაში სულ გადავადებით ისარგებლა 109 219 წვევამდელმა, აქედან - 2 136 მოქალაქისთვის გაწვევის ერთ წლამდე ვადით გადავადების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, სამხედრო სამსახურისათვის შეზღუდულად ვარგისად ცნობის გამო 24 243 წვევამდელს გადაუვადდა გაწვევა, იმ მიზეზით, რომ წვევამდელის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა 96 ადამიანს გადაუვადდა სამხედრო სამსახურში გაწვევა, ასევე სამხედრო სამსახურში გაწვევა 46 338 სტუდენტს გადაუვადდა, ორი ან ორზე მეტი შვილის ყოლის მიზეზით სამსახური გადაუვადდა 2 574 ადამიანს, ასევე გადავადება გავრცელდა 22 663 დედისერთა პირზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი გადავადების უფლება 206 ადამიანს მიანიჭა.

 

უწყების ინფორმაციით, 2016-2018 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახური 16 879 ადამიანმა გაიარა, გაწვევისგან კი 9 989 ადამიანი გათავისუფლდა.

 

რაც შეეხება მიმდინარე წელს, უწყების ინფორმაციით, გაწვევა 12 თებერვლიდან მიმდინარეობს და 29 ივნისს დასრულდება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner