logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ასე არ დავარქმევდი, რომ ქობულია მოხსნეს
- +

19 აპრილი. 2019. 11:47

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ის გიორგი ქობულიას მიერ თანამდებობის დატოვებას „მოხსნას“ ვერ უწოდებს. ასე უპასუხა სერგეენკომ ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ მოხსნეს ეკონომიკის მინისტრი თანამდებობიდან.

 

„ასე არ დავარქმევდი, რომ მოხსნეს. ამ წლების განმავლობაში მინისტრების ცვლილებები სულ იყო და ნამდვილად ვიცი, მომავალშიც იქნება. რაც შეეხება კონსულტაციებს, ვიცოდი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა, მე თვითონ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობდი, რადგან ეს ამ შემთხვევაში არ არის ჩვენი სამინისტროს ფუნქცია.

 

კონსულტაციებზე წამოჭრილი არგუმენტები და ის ფაქტორები, რამაც ეს ცვლილებები განაპირობა, ჩემთვის უცნობია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

მისივე თქმით, კონსულტაციები სულ იმართება, თუმცა, მინისტრი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

 

„კონსულტაციები ხშირად არის ხოლმე, თუმცა, მედიის დიდი პატივისცემის მიუხედავად, თავს ვალდებულად არ ვთვლი, ამ კონსულტაციების დეტალებზე საჯაროდ ვისაუბრო“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

კითხვაზე, კმაყოფილი იყო თუ არა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მუშაობით, სერგეენკომ განაცხადა, რომ „ყველა კოლეგასთან ძალიან კოლეგიალური ურთიერთობა აქვს“.

 

რაც შეეხება იმას, იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები, სერგეენკოს თქმით, ეს ისედაც რეგულარულად ხდება.

 

„სამთავრობო ცვლილებები სულ იყო და მომავალშიც სულ იქნება. კონკრეტულად რა იქნება, ამის გაცხადება და ამ საკითხების მართვა ცალსახად პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. არ აქვს მნიშვნელობა, რა გვარი იქნება მინისტრი, მნიშვნელოვანია, როგორ ვითარდება ესა თუ ის დარგი“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 

სერგეენკოს თქმით, მას პრემიერსა და ეკონომიკის ყოფილ მინისტრს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე ინფორმაცია არ აქვს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner