logo_geo
eng_logo
„TV-აჭარის“ თანამშრომლები: სარედაქციო დამოუკიდებლობა არ არის ნათია კაპანაძის მონაპოვარი
- +

16 აპრილი. 2019. 13:29

 

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მიმართვის წერილი გამოქვეყნდა, რომელიც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ეხება. წერილი სავარაუდოდ, კომპანიის კანცელარიაში უკვე დარეგისტრირდა. ირკვევა, რომ საჯარო მიმართვას ხელს 103 თანამშრომელი აწერს, თუმცა მათი ვინაობის შესახებს დოკუმენტში ინფორმაცია არ არის ასახული. მიმართვის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

 

„აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 103 თანამშრომლის მიმართვა მრჩეველთა საბჭოს

 

მ  ი  მ  ა  რ  თ  ვ  ა

 

„სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გვსურს გამოვეხმაუროთ მაუწყებელში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს.

 

ვემიჯნებით მაუწყებლის სახელით გაკეთებულ განცხადებას მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით არსებულ საფრთხეებზე.

 

ასევე, ვემიჯნებით საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვას. ვაცხადებთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არ არის ნათია კაპანაძის მონაპოვარი და სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ტელევიზიისა და რადიოს საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის მომენტიდან და გვჯერა, ასევე გაგრძელდება მომავალშიც.

 

სამწუხაროდ, დღეს მაუწყებელში არსებობს შიშის ფაქტორი, ბევრი თანამშრომელი დათრგუნული და იმედგაცრუებულია არსებული მდგომარეობით. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში, მით უფრო საზოგადოებრივ მედიაში შიშის არსებობა დაუშვებელია.

 

დირექტორი ტელევიზიის და რადიოს მართვისას ღებულობს ერთპიროვნულ და არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს, რაც ძალიან უარყოფითად აისახა ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობასა და იმიჯზე. არაპროფესიონალური მართვის შედეგი მძიმე ტვირთად აწვება მაუწყებელს.

 

ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს აქვთ უამრავი პრეტენზია დირექტორთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორისაა სამართლიანი ანაზღაურების საკითხიც.

 

იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე პროცესები მშვიდობიანად, საზოგადოების და მაუწყებლის თანამშრომლების ინტერესების გათვალისწინებით დასრულდება, ტელევიზია და რადიო გააგრძელებს თავისუფალ გარემოში განვითარებას და იქნება საზოგადოების სამსახურში.

 

მაუწყებლის თანამშრომლები:

 

ვითხოვთ წერილის გასაჯაროებას“,  - წერია საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიისა“ და რადიოს თანამშრომლების მიმართვაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner