logo_geo
eng_logo
ანზორ საკანდელიძე: ბათუმში ცათამბჯენები რომელი ქვეყნის სამშენებლო კანონმდებლობით შენდება?
- +

19 აპრილი. 2019. 14:26

 

ბათუმში ცათამბჯენები რომელი ქვეყნის სამშენებლო კანონმდებლობით შენდება?

 

ბათუმში უკანონო მაღლივი საცხოვრებელი კორპუსებისა და სასტუმროების მშენებლობის ბუმია. ცენტრში სულ უფრო მცირდება ფართობები, სადაც უკვე შეუძლებელია ამ უკანონო მაღლივი შენობების „ჩაკვეხება“ სეისმოუსაფრთხოების ელემენტარული ნორმების დაცვით და ამ „ჩასაკვეხებელი“ ფართობების შემცირების შესაბამისად მაქსიმალურად იზრდება შენობათა სიმაღლეები მოსალოდნელი სეისმონგრევების კატასტროფული რისკებით. 100 მეტრი უკვე კარგა ხნის დალაშქრულია და წარმატებით უტევენ 200-მეტრიან სიმაღლეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ დამთავრების სტადიაშია ბათუმში ასაშენებელი 65-სართულიანი შენობის პროექტი!

 

ამ დროს აშშ-ში მხოლოდ 3, რუსეთში კი 2 საპროექტო ინსტიტუტია, რომლებსაც უფლება აქვთ, დამოუკიდებლად დააპროექტონ 100 მეტრზე მაღალი შენობები. უფრო მეტიც, ამ სიმაღლის შენობებს მსოფლიოში დამოუკიდებლად აპროექტებს და აშენებს მხოლოდ 7 სახელმწიფო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა კი კარგა ხანია გახდა მსოფლიოში მე-8 სახელმწიფო, რომელიც ავტონომიურად აპროექტებს და აშენებს 100 მეტრზე უფრო მაღალ შენობებს. გილოცავთ, აჭარლებო!

 

ასეთი მაღლივი მშენებლობა კარგია, რომ არა ერთი საჩოთირო შეკითხვა: რომელი ქვეყნის სამშენებლო კანონმდებლობით ვაშენებთ? ეს შეკითხვა ლეგიტიმურია იმის გამო, რომ 2004 წლის შემდეგ, როცა ქვეყანაში გავაუქმეთ სამშენებლო პოლიტიკის გამტარებელი მშენებლობის სამინისტრო და დავამკვიდრეთ წარმოუდგენელი ქაოსი, განუკითხაობა და უკანონობა, ძნელია გაარკვიოთ, აჭარაში ესა თუ ის მაღლივი შენობა რომელი ქვეყნის სამშენებლო კანონმდებლობით შენდება - ქართულით თუ უცხოურით?

 

ფაქტიურად არც ერთით, არც მეორით და სამშენებლო კანონმდებლობაში ადგილი აქვს აჭარულ სეპარატიზმს, როცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ბათუმის მერია არ ემორჩილება საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკანონმდებლო-ნორმატიულ აქტებსა და მთავრობის დადგენილებებს. სამაგალითოდ მოვიყვანთ 3 ასეთ საბედისწერო დაუმორჩილებლობას:

 

პირველი და ყველაზე დიდი საბედისწერო დაუმორჩილებლობა არის 2010 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N71 დადგენილებით კიდევ უფრო გაძლიერებული საკანონმდებლო-ნორმატიული აქტის „სეისმომედეგი მშენებლობა (პნ 01.01.09)“ იგნორირება, რომელიც 4 ურთულესი სეისმოუსაფრთხოების დამცავი სამუშაოს ჩატარების გარეშე 8-ბალიან სეისმურ ზონაში რკინაბეტონის კარკასული შენობების სართულიანობას ზღუდავს 12-მდე, ურიგელო კარკასული შენობების სართულიანობას კი 7-მდე. ვინაიდან სეისმოუსაფრთხოების დაცვის ასეთი 4 ურთულესი სამუშაო საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა, 7-12 სართულიანზე უფრო მრავალსართულიანი რკინაბეტონის ურიგელო-კარკასული და კარკასული, აშენებული თუ ასაშენებელი, ყველა შენობა არის უკანონო და უდიდესი სეისმონგრევების საფრთხეების შემცველი!

 

მეორე დაუმორჩილებლობა არის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N409 დადგენილების შეუსრულებლობა. ამ დადგენილებით ფაქტიურად აღდგენილია 2008 წელს გაუქმებული ბუნებრივი განათებულობისა და ინსოლაციის კანონი და შენობებს შორის დაშორება უნდა დაპროექტდეს ბუნებრივი განათებულობისა და ინსოლაციის სანიტარიული ნორმების დაცვის გათვალისწინებით, რაც აბსოლუტურად იგნორირებულია და საცხოვრებლებში ამკვიდრებს მძიმე დაავადებების წარმომშობ სანიტარიულ-ეკოლოგიურ გარემოს.

 

მესამე დაუმორჩილებლობა არის საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შეუსრულებლობა. ეს დადგენილება კი მშენებელს ავალდებულებს მშენებლობის დაწყების წინ ჩაატაროს მეზობელი შენობების წინასწარი საკვლევი და გამაგრებითი სამუშაოები, რათა მშენებლობის მიმდინარეობის დროს არ დაზიანდეს მეზობელი შენობები და დაზიანების შემთხვევაში ზარალი 100%-ით უნდა აანაზღაუროს მშენებელმა, რაც ასევე აბსოლუტურად იგნორირებულია!

 

სამწუხაროდ, მთელ აჭარასა და, განსაკუთრებით კი ბათუმში, ამ 3 დაუმორჩილებლობით გამოწვეული სასიკვდილო სეისმორისკები, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უკვე დამდგარი სანიტარულ-ეკოლოგიური უბედურებები და ამ საცხოვრებლების ავარიული დაზიანებები ყოველდღიურად კატასტროფულად თავს ატყდება აჭარის მოსახლეობას. გამკითხავი, პასუხის გამცემი და პასუხისმგებელი კი არავინაა. განსაკუთრებით თვალში საცემია პირველი დაუმორჩილებლობის საბედისწერო შედეგები, როდესაც 7-12 სართულიანების ნაცვლად ბათუმში უკანონოდ ნაშენები 30-40 და მალე 60-70 სართულიანი შენობები უკონტროლოდ მიიწევს „სულ ზევით-ზევით, მაღლა და მაღლა!“

 

შვილო თორნიკე, სანამდე? დანიელ ჭონქაძის ცნობილი ნაწარმოების ტრაგიკული ფრაზის „შვილო ზურაბ, სანამდე?“ ანალოგიურად ამ სიტყვებით გვინდა მივმართოთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს, რომელმაც ბათუმის უსაფრთხოებისა და იერსახის შენარჩუნებისათვის მებრძოლ ოპონენტებს ამ სიტყვებით მიმართა: „ჩვენ ვმოქმედებთ ძალიან მარტივი პრინციპით - ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის და არ ვაპირებთ, ამ ტიპის შემოტევების შედეგად გადაწყვეტილებები შევცვალოთ. ყველა გადაწყვეტილება იქნება კანონის შესაბამისი ამ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე“.

 

ძაღლებად ჩათვლილი თავისი ოპონენტების მსგავსად ბატონი თორნიკე მეც, მის მამისტოლა კაცს, როგორც ოპონენტს, ალბათ, ძაღლად ჩამთვლის, ჩემს ზემოთ ნასაუბრებს კი ძაღლის ყეფად, მაგრამ მაინც გვინდა მივმართოთ მას:

 

ასეთი უღმერთო დარღვევებით აჭარაში დასტურს რომ აძლევთ ცათამბჯენების უკანონო მშენებლობებს, მაინც სანამდე გინდათ, ზეცაში მიუახლოვდეთ ღმერთს? არ გეშინიათ ღმერთის რისხვის? ბაბილონის გოდოლის ისტორია წაგიკითხავთ? ბიბლიაში აპოკალიფსურ მიწისძვრებზე გსმენიათ რამე?

 

რაც შეეხება თქვენს განცხადებას, რომ „ყველა გადაწყვეტილება იქნება კანონის შესაბამისი“, თქვენ მალე მართლა მოგიწევთ კანონის შესაბამისად აჭარაში უკანონო ცათამბჯენების მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილების მიღება. მხედველობაში გვაქვს სეისმომედეგი მშენებლობის კანონის „პნ 01.01.09“ გამოყენებით ჩვენს მიერ სამივე დონის სასამართლოს მოგება და 12-სართულიანის ნაცვლად 32-სართულიანი 8 რკინაბეტონის კარკასული შენობისაგან შემდგარი კომპლექსის მშენებლობის შეჩერება მანამ, სანამ მშენებლობის პროექტი არ მოვა შესაბამისობაში ამ კანონთან. ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ, რომ პრეცედენტული სამართლის გამოყენებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მთელ საქართველოში, მათ შორის აჭარაშიც!

 

აქვე გვინდა გავაფრთხილოთ სამშენებლო კომპანიები, რომ სეისმომედეგი მშენებლობის ამ კანონის სრულფასოვნად ამოქმედებასთან ერთად საქართველოში მალე დაიწყება შენობების შემოწმებები სეისმომედეგობაზე და სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, რაც სავალდებულო გახდება დამთავრებული შენობების მიღება-ჩაბარების არა დღევანდელი ფიქტიური, არამედ ხვალინდელი ფაქტიური აქტების გაფორმების დროს!

 

ეს კი მოხდება მაშინ, როცა დღევანდელი დე-ფაქტო მშენებლობის სამინისტრო, რომელსაც რატომღაც ვეძახით ინფრასტრუქტურის სამინისტროს, დე-იურედაც გახდება მშენებლობის სამინისტრო. ამის შემდეგ დაიწყება 15 წლის წინ მშენებლობის სამინისტროს გაუქმების გამო შეწყვეტილი სამშენებლო პოლიტიკის გატარება და საქართველოში დამთავრდება ენით აუწერელი, 15-წლიანი წარმოუდგენელი სამშენებლო ქაოსი, განუკითხაობა და კანონზე ძალადობა, რისი მაგალითიცაა თუნდაც ბათუმი თავისი უკანონო ცათამბჯენებით.

 

ანზორ საკანდელიძე

„მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ასოციაციის თავმჯდომარე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner