„ჩვენ სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილებები გვჭირდება, ეს არის ერთმნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, ჰქონდა თუ არა მას გიორგი ქობულიასთან უთანხმოება და კიდევ იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები.
„მე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2019-2020 წლებში ჩვენს ბიუჯეტში კონსოლიდირებული იქნება დაახლოებით 27 მილიარდი ლარი. რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს საკმარისი რესურსია იმისთვის, ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების ცხოვრება და პრობლემები, რაც არსებობს, ეს პრობლემა შევამსუბუქოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, მისი შეფასებით, ამ თანხას და ინვესტიციებს სჭირდება ძალიან ოპერატიული და ეფექტიანი მართვა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, აპ ეტაპზე საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, მაგრამ გადაწყვეტილება არ დააყოვნებს თუ რომელიმე მინისტრი საჭირო ტემპს ჩამორჩება.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს, ბუნებრივია, თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას ვაჩვენოთ შედეგი, რაც მათ შევპირდით, ბუნებრივია, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს. ამ ეტაპზე, არანაირი საკადრო ცვლილება არ განიხილება, მაგრამ მომავალში ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ციფრებით და კონკრეტული შედეგებით. ჩემთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ ის, რაც გითხარით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.