ავტორი მერაბ გუგუნავა
„რეპორტიორის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „თიბისი ბანკმა“ სასამართლოს სარჩელით მიმართა და ოფშორულ კომპანიაზე გადამისამართებული ცნობილი 17–მილიონიანი სესხის დაბრუნება მოითხოვა.
როგორც ცნობილია, „თიბისიდან“ ოფშორულ ანგარიშებში გადარიცხული 17 მილიონი დოლარის კანონიერების საკითხს პროკურატურა სწავლობს, ახლა კი თავად „თიბისის“ მსხვილი უცხოელი აქციონერები მიმართავენ სასამართლოს - ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ, რომელსაც ბანკის ტოპ-მენეჯერი პაატა ღაზაძე მართავს, აღნიშნული თანხა ბანკს დაუბრუნოს.
ამყარებს თუ არა ეს ფაქტი გამოძიების არგუმენტაციას, რომლის მიხედვითაც 2007 წელს დიდი ოდენობით თანხა ბანკიდან უკანონოდ გაიტანეს, შემდეგ ოფშორში გადაამისამართეს და „გაათეთრეს“? მოითხოვდნენ თუ არა ბანკის აქციონერები მათი კუთვნილი 17 მილიონის დაბრუნებას, მთავარ პროკურატურას ამ საქმეზე გამოძიება რომ არ დაეწყო? ამ კითხვებს სავარაუდოდ, სასამართლო პროცესზე გაეცემა პასუხი, მანამდე კი შეგახსენებთ, თუ როგორ აღმოჩნდა „თიბისი ბანკის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა ჯერ მამუკა ხაზარაძის პირად ანგარიშზე, შემდეგ კი ოფშორული კომპანიის ანგარიშზე და რომელიც 2017 წლის 3 აპრილს ისე დაიხურა, რომ ბანკისთვის მრავალმილიონიანი ვალი არ დაუბრუნებია, თუ არ ჩავთვლით 2012 წლის ნოემბერში (უკვე ახალი ხელისუფლების დროს) ჩარიცხულ 36 ათას დოლარს.
როგორ აღმოჩნდა საქმეში ოფშორული კომპანია და რეალურად ვინ დგას მის უკან? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოკლედ შეგახსენებთ, რომ 2007 წელს კომპანია „სამგორმა“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით „თიბისი ბანკიდან“ ისესხა თანხა, რომელიც იმავე დღეს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასესხა.
ხაზარაძე–ჯაფარიძეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვალი არ დაუბრუნებიათ, ანალოგიურად არც „სამგორს“ დაუფარავს ბანკიდან აღებული მრავალმილიონიანი და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არაუზრუნველყოფილი სესხი.
2012 წელს „სამგორსა“ და ოფშორში რეგისტრირებულ კომპანია „Martello group“-ს შორის ფორმდება ორი ხელშეკრულება: ერთი ხელშეკრულების თანახმად, „სამგორი“ „Martello group“–ს უთმობს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ არსებულ სასესხო მოთხოვნას, მეორე ხელშეკრულებით კი, „თიბისიში“ არსებულ მის სასესხო ვალდბულებას.
ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მამუკა ხაზარაძის 17-მილიონიანი ვალი მთლიანად ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ გადაიბარა, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებამდე ორი თვით ადრე, კუნძულ სენტ-კიტსსა და ნევისზე დარეგისტრირდა და როგორც უკვე გითხარით, ისე დაიხურა, რომ „თიბისიში“ არსებული მრავალმილიონიანი სესხი არ გადაუხდია. ამ მაქინაციის მთავარი სამხილი საკუთრივ ტრანზაქციის თარიღში იმალება, 2012 წლის 29 სექტემბერს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, უქმე დღეს ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. საყოფაცხოვრებო ენაზე, ამას კვალის წაშლის დროს ფაცხაფუცხში დაშვებული შეცდომა ჰქვია, უკანა რიცხვით რომ ათეთრებ სქემას, მაგრამ აწი გვიანია თითზე კბენანი...
სწორედ ამ საეჭვო ტრანზაქციების ფაქტზე დაიწყო გამოძიება საქაქრთველოს პროკურატურამ და ფულის გათეთრების ნიშნები დაინახა მასში. საქართველოს პროკურატურა ერთადერთი არ იყო, ვინც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ამ უკიდურესად საეჭვო ტრანზაქციის შესამოწმებლად მოიხმო - პირველ რიგში ეს ეროვნული ბანკი იყო, რომელმაც „თიბისი ბანკს“ ჯერ მილიონიანი ჯარიმა დააკისრა, შემდეგ კი ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემის მმართველობიდან ჩამოშორება მოსთხოვა. ბევრი ეცადა მამუკა ხაზარაძე, ეროვნული ბანკი ზეწოლაში დაედანაშაულებინა, მაგრამ როგორც ჩანს, მას მერე, რაც ბრიტანელი აქციონერები საქმეში გაერკვნენ და დარწმუნდნენ ეროვნული ბანკის და პროკურატურის პრეტენზიების ლეგიტიმურობაში, მიიღეს გადაწყვეტილება - აღიარონ დარღვევა, გადაიხადონ ჯარიმა, მმართველობიდან გაიყვანონ ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტი და რაც მთავარია, დააბრუნებინონ მათ აქციონერებისთვის და მეანაბრეებისთვის მოპარული 17 მილიონი. ამ გადაწყვეტილების პირველი სამი პუნქტი ჩვენს თვალწინ აღსრულდა და „თიბისიმ“ ეროვნულ ბანკთან დავა დახურულად გამოაცხადა, რაც მომენტალურად აისახა ბანკის აქციების უპრეცედენტო 33%-იან ზრდაზე - თითქოს ბალასტი მოიცილა ბანკმაო, ისე „გაფრინდა“ მისი აქციები ხაზარაძე-ჯაფარიძის მმართველობიდან ჩამოცილების შემდეგ. რაც შეეხება მეოთხე, ყველაზე სკანდალურ პუნქტს, ბოლო კაპიკამდე დააბრუნებინონ ხაზარაძეს წერეთლის მეშვეობით გატანილი კრედიტი, ეს სარჩელის აღძვრის შემდეგ გახდა ცნობილი - ჩვენი ინფორმაციით, ოფშორული კომპანიისგან სესხის ამოღების დავალება ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ლონდონში, უშუალოდ მაჟორიტარი აქციონერებისგან მიიღო.
ეკონომისტების ნაწილს სასამართლოსადმი მიმართვის ფაქტი უმყარებს ეჭვს, რომ ეს თანხა თავის დროზე უკანონო მაქინაციით აღმოჩნდა მამუკა ხაზარაძის ხელში და გამოძიება რომ არ დაწყებულიყო, შერჩებოდა კიდეც. ეტყობა, ახლა ფულის დაბრუნება გადაწყვიტეს, რათა „ქმედითი მონანიება“ შეაჩეჩონ არგუმენტად მათ კისერზე დაკიდებულ მართლმსაჯულების მახვილს...
ჩვენ სასამართლოსადმი მიმართვის შესახებ ინფორმაციის დადასტურება ვითხოვეთ „თიბისი ბანკის“ პრესსამსახურში, თუმცა მათ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, ეს ფაქტი არც უარყვეს და არც დაადასტურეს.
ავტორი მერაბ გუგუნავა