„ჩვენთვის განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე, ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, იდენტიფიცირებულია მიმართულებები, რა სფეროებშიც აშშ-ის და საქართველოს ეფექტიანი და მჭიდრო ურთიერთობის კიდევ უფრო მეტი რესურსი აქვს.
„როგორც იცით, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკელი კონგრესმენები როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ ჩვენს კოლეგებთან ერთად, მათ შორის რეფორმებზე, რომელიც გავატარეთ და რომელიც უნდა გავატაროთ, იმ გამოწვევებზე და ტკივილზე, რაც გვაქვს რუსული ოკუპაციის შედეგად. ჩვენს მეგობრებს აქვს რეალური სურათი, რომელთა ასახვა აუცილებლად მოხდება კონკრეტულ ქმედებებში, იქნება ეს სხვადასხვა რეზოლუციები თუ საკანონმდებლო აქტების ინიცირება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე.