ხომ ვამბობდი, სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს მეთქი?! ნახეთ და დაიჯერეთ... და თანაც ისწავლეთ კიდეც, თუ ამის უნარი გაგაჩნიათ...
ბოდიში, ბოდიში... მე მგონი, წინა აბზაცის დასკვნით ნაწილში ერთი დიდი და უპატიებელი უზუსტობა დავუშვი და შევეცდები აქვე, ოპერატიულად გამოვასწორო. აი, დაახლოებით ასე - არა, ამას ვერ ისწავლი, რადგან ეს ნიჭია, რომელიც ან გაქვს, ან - არა!
ამ ქვეყანაში ისეთი ამბები ხდებაააა(!), ჩემი გამოცდილების კაცსაც რომ განაცვიფრებს და საგონებელში ჩააგდებს. აფსუს, სად არის მიხეილ ჯავახიშვილი?! მე მგონი, თეიმურაზისა და ჯაყოს ფენომენების და მათ შორის დიდი ენერგეტიკული კავშირის თავიდან, ახლებურად გააზრების დრო დადგა, თუ შემოგვეპარა(?)...
დიახაც, რომ შემოგვეპარა... უცებ, ჩვენდა უნებურად, აღმოვჩნდით იმ მოცემულობის წინაშე, რომ თურმე მარადიულ ღირებულებებს, ერთმანეთის მიყოლებით, ვადები ეწურებათ, თურმე მცნებები (ღმერთო, მაპატიე!) გადასახედი გამხდარა და თურმე აქსიომებსაც გასვლიათ ყავლი. თეორემებზე და წესებზე ხომ ლაპარაკიც აღარ არის.
მაგალითად, სულ რომ გვგონია, რომ ნახევრად ფეხმძიმედ ყოფნა შეუძლებელია, ქართველი „რესპუბლიკელები“, ოცდაათ წელზე მეტია, საქმით აჩვენებენ, რომ ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მესამე მდგომარეობა, მთავარია ამის სურვილი გქონდეს. უნდა აღინიშნოს, რომ მათ „მოღვაწეობაში“ სიახლეებსაც ვხვდებით („იზრდებიან“). ნახეთ, ფრონტის ხაზი როგორ გაშალეს, მიუხედავად იმისა, რომ სამი ათეული წლის განმავლობაში მათი ჯამური რაოდენობა 10-12 კაცს ვერ ასცდა (ამაზე იტყვიან, ერთი „დუჟინი“ ხალხი ტრიალებსო) და სხვადასხვა სახელის და სტატუსის ქვეშ როგორ უტევენ ხელისუფლებას „წერტილოვანი დარტყმებით“.
ძირძველი „რესპუბლიკელები“, ძმები ბერძენიშვილები, უშუალოდ „მიშას სასტავს“ აეფარნენ კედელივით (ბევრი გამისწორებს - კედელივით კი არა, ლეღვის ფოთოლივითო. კარგით, არ გავჯიუტდები, იყოს - ლეღვის ფოთოლივით). ასეთ საპასუხისმგებლო მისიას სხვას ხომ არ აჰკიდებდნენ, აბა? კიდევ ერთმა ძირძველმა („კონსტიტუციონალისტი“ ძაბირაძე) და ერთმა ნახევრად ძველმა („მწერალი“ ზურაბიშვილი), „ექსპერტების“ პოზიციებიდან „ილაშქრეს“; „ახალი თაობის“ ლიდერი, (ლიდერიც ის არის, ავანგარდიც და არიერგარდიც, რადგან სხვა „ახალი“ ჯერ ვერ ჩაეტია „პარტიის“ მკაცრ კრიტერიუმებში), ანა დოლიძე, პირდაპირ კოჭებში ჩააფრინდა პარლამენტის თავმჯდომარეს (უფრო მაღლა ჯერ ვერ სწვდება) და „გასაქანს არ აძლევს“; რაც შეეხება „მძიმე არტილერიას“ (უსუფაშვილი-ხიდაშელი), აქ ცოტა ვრცლად უნდა ვისაუბროთ, რადგან „რთულ“ მანევრებთან გვაქვს საქმე.
ვიდრე „შენების“ მოძრაობის „გათვლებს“ ჩავუღრმავდებით, მოდით, საერთო სურათი შევაფასოთ: ჯერ ნახეთ, რა ძალაა!.. მერე ამას დავუმატოთ სამნიძე და კორძაია... ამ ბოლო დროს, რაღაც, „დეცენტრალიზატორი“ შერგელაშვილი და კიდევ ებანოიძე მაკლიან თვალში, მაგრამ სად წავლენ, „რესპუბლიკელობა“ ხომ ბედისწერაა... ამ ხუმრობა-ხუმრობაში კი გამოვიდა კაი თერთმეტი კაცი. ეჰ, ხმალაძე, ხმალაძე... ახლა სახლში ჯდომა იქნებოდა?.. ამ ქვეყანაში ბოროტს რა გამოლევს - იტყვიან, „დუჟინს“ ერთი აკლიაო(!).
ჩვენში დარჩეს და, ეს „შენების“ მოძრაობა რაღაცნაირად მეხამუშება. „ახალი რესპუბლიკელი“, ან „განახლებული რესპები“ მაინც დაერქმია. მაგრამ, ეტყობა, თავის დიდ მასწავლებელს, დავით ბერძენიშვილს, „დიდი გაყოფის“ მერე, ასე მიახლოვება ვერ აკადრა. ჰმ... „ყვავს რა ჰქონდა და ბუ(ბუ)ს გაჰქონდაო“, სწორედ ამაზეა ნათქვამი (დღეს ეს ანდაზები ნეტა რატომ ავიჩემე?.. თან მარცხენა თვალიც რომ მითამაშებს?!).
ახლა დავფიქრდი, ძალიან მარტივად ხომ არ ვუყურებ-მეთქი ამ ყველაფერს? სად პოლიტიკის გოლიათი დავითის სიღრმეები და მეორე გოლიათი დავითისგან ნასწავლი ელასტიურობა (ქვეყანაში არ დარჩენილა „გარშოკი“, რომლის თავსახურებიც ეგ და მისი ძმა არ ყოფილიყვნენ) და სად ვიღაც რიგითი „ურა-პატრიოტი“ პუბლიცისტის ნაწვალები აზრები? რაღაც რომ აუცილებლად შემეშლება, ამას წინასწარ ვაღიარებ და ბევრი რომ არ შემეშალოს, ამიტომ პირდაპირ მოვლენათა განვითარებას მივყვები.
2012 წლის პარლამენტმა დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, დასაწყისშივე ისე „მაღლა“ ასწია თამასა, რომ საზოგადოებაც და თვითონ კოალიციაც გაოგნებული დატოვა და ასე გაოგნებული ატარა კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში, სანამ ჩანაფიქრი ბოლომდე არ მიიყვანა. ვგრძნობ, მკითხველს უჭირს ჩემ მიერ „ბრძნულად“ შეფასებული ნაბიჯის გახსენება და ერთი სული აქვს, როდის ამოვღერღავ, რა მაქვს მხედველობაში, მაგრამ... ინტრიგის კიდევ უფრო დასაძაბად იმასაც ვიტყვი, რომ იმიტომ ვერ იხსენებთ იმ მანევრს, ჩემო კარგებო, რომ მისი სიღრმეები დღესაც არა გაქვთ დანახული და სათანადოდ შეფასებული.
საქმე ეხება ე.წ. „ბუსუსებიანი პრეზერვატივების“ კანონპროექტს... აღიარეთ, რომ თქვენით ვერ მიხვდებოდით, საით მიმყავდა აზრთა მდინარება. „თუ გადაწყვეტ, უნდა დაჰკრა კიდეც“... და დავითმა გადაწყვიტა და დაჰკრა და ერთდროულად რამდენიმე ათიანშიც გაარტყა.
პირველი ათიანი ის იყო, რომ პარლამენტმა უცებ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მერე რა რომ ხალხი დასცინოდა, ყურადღება ხომ მიიპყრო? - იცის კაცმა საქმე...
მეორე ათიანი ის იყო, რომ ხელის ერთი მოქნევით დაიმსხვა სტერეოტიპი „რესპების“ თეიმურაზ ხევისთავობის შესახებ - ხომ ხედავთ, რეები ვიცით(!) და სად ვიღაც ცვედანი თეიმურაზი და სად პრეზერვატივის მეცნიერებათა ღრმა და ყოვლისმომცველი ცოდნაო;
მესამე ათიანის არსი ცოტა მოგვიანებით შევიგრძენით: ორნახევარი წელი რომ ველოდით ახალ კონსტიტუციას და 400000 (ოთხასი ათასი) ლარი ხალხის ფული რომ უშედეგოდ, მაგრამ საქმიანი და ოდნავ გაბუტული გამომეტყველებით (აქეთ დაგვამადლა) რომ ჩაანთხლია პატარა დიდმა დავითმა უძირო ორმოში და მერე რომ დაგვმოძღვრა - არ დავწერეთ, იმიტომ რომ მაინც არ გავიდოდა და რა აზრი ჰქონდაო (მაგარია, არა?) - ის იყო მესამე ათიანი.
ვინც ვერ გაიგო, რა კავშირია „კანონით განმტკიცებულ“ პრეზერვატივსა და „გადაგდებულ“ კონსტიტუციას შორის, მათთვის ყოველგვარი მაღალფარდოვნების გარეშე ვიტყვი - ბატ. დავითმა სამ ასოზე რომ გაუშვა განახლებული კონსტიტუციური სისტემის მომლოდინე ამერ-იმერი საქართველო, კანონის ძალით დახარისხებული ნაირ-ნაირი პრეზერვატივები უკვე გამზადებული იყო, - წინსწრებით.
მენდეთ, რაც უფრო ჩავუღრმავდებით „თემას“, მით მეტ „ათიანს“ აღმოვაჩენთ... ერთი კიდევ უნდა ვთქვა, რადგან ვფიქრობ, რომ მთავარი სწორედ ეს არის: გავა საუკუნეები და ჩვენი შვილთა-შვილის-შვილები დავით უსუფაშვილს ასე გაიხსენებენ - ეს კაცი იმ პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ბუსუსებიანი პრეზერვატივების კანონი რომ დაუტოვა შთამომავლობასო.
... და აი, ახალ რეალობაში, ახალი გამოწვევების წინაშე ორ ფეხზე მყარად მდგარი დავითი მორიგ სიღრმეებში (ვიღაც-ვიღაცეებს რომ „ქაქი“ ჰგონია) ეშვება: ვერც ივანიშვილს და ვერც სააკაშვილს ვერ მივართვიო ჩემი უხრწნელი პოლიტიკური სხეულიო, ხმამაღლა განაცხადა კულისების კულისებში ჩაკარგულმა და საქციელზე წასწრებულმა, გაბუტული ტუჩებითა და ოდნავ გაკვირვებული თვალებით იქვე დაამატა - ეს ის არ არის თქვენ რაც გგონიათო.
ანუ, მე რომ „ნაცებთან“ ერთად, ხელიხელჩაკიდებული, ხელმოწერებს ვაგროვებ, „თემატური ერთობაა“ და მერე რა მოხდაო და ჭიათურაში რომ ერთად წამოვაყენეთ მერობის კანდიდატი, ესეც მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯია და სხვა არაფერიო (არა, მაინც რა ჭკვიანია, კამერების წინ რომ არ გამოჩნდა!.. რა შორსმჭვრეტელი...). (თეიმურაზ ხევისთავიც ასე არ იყო? ჯაყო რომ ლოგინში „შემოეპარებოდა“, ვერავინ გაიგებდა, თეიმურაზი იქ იყო თუ არა... მაგრამ როგორი სარგებლიანი იყო ეს „ტაქტიკური ნაბიჯი“ და „თემატური ერთობა“?!.)
როგორც ერთ თქვენებურ ანეგდოტშია, ბატონო დავით, შორიდან, შეიძლება, ვიღაცას ეგრე გონებოდა, მაგრამ ვინც ახლოდან გიყურებთ, სწორედ რომ პოლიტიკური პროსტიტუციის გარდა, სხვას ვერაფერს ვხედავთ (ქიზიყელები სხვანაირად იტყოდნენ). დიახ, თქვენც, შალვა შავგულიძეც და ყველა, ვინც ბნელეთის მხარეს რაღაცას ებღაუჭებით, ტიპიური (კლასიკური) პოლიტიკური მეძავები ხართ. თეიმურაზ ხევისთავმა იცის, რომ მისი ფიზიკური გადარჩენა მხოლოდ მისი მორალური „ხმარების“ სანაცვლოდაა შესაძლებელი - დიახ, იმიტომ ხართ მეძავები და თეიმურაზ ხევისთავები, რომ თქვენი ყველა „პოლიტიკური“ აქტი ნაცჯაყოებთან - ნებაყოფლობითია.
ერთ საინტერესო დაკვირვებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება: საზოგადოების თითოეული წარმომადგენელი იზიარებს იმ შეფასებას, რომ შალვა შავგულიძის გადაწყვეტილება თავისი არსით ამორალურია. კამათი მიდის იმაზე, რომ ბატონი შალვა ახლა გაპროსტიტუტკდა, თუ ძველი დროიდან კოტრიალობს „ნაცების“ პოლიტიკურ სქემებში; თვითონ გადაწყვიტა, თუ „ლუბამ აიძულა“ და ა.შ. და სხვ... საოცარია, პირდაპირ...
„პანელზე“ მოფარფატე „ღამის პეპლებზე“ არჩევანი მთლიანად გემოვნების საკითხია. „ვარდისფერ კვარტლებში“ არავინ სვამს კითხვებს „სტაჟის“ ხანგრძლივობასა და „არჩეული ცხოვრების გზის“ მიზეზებზე. როგორც მიხეილ ჯავახიშვილის კიდევ ერთი პერსონაჟი, ამ საქმეში დიდად გამოცდილი, კვაჭი კვაჭანტირაძე იტყოდა - ზოგს ვარდის სურნელი ასდის, ზოგს კიდევ როკფორის ყველისო. ყოველთვის, ყველა დროში, ერთზეც და მეორეზეც არსებობს მოთხოვნაო.
თავს ვალდებულად ვთვლი, მკითხველისთვის განვმარტო, კრიტიკის სამიზნედ რატომ ავირჩიე „რესპები“ და დავით უსუფაშვილი და რატომ მივამატე შალვა შავგულიძე: მიზეზი ერთია - ისინი არიან ყველაზე ცნობადები და ყველაზე მაღალსტატუსიანები პოლიტიკურ მათხოვართა და პოლიტიკურ მეძავთა იმ მრავალსუბიექტიან მასაში, რომელიც აბინძურებს ქართულ პოლიტიკას და ამით დიდ ზიანს აყენებს სახელმწიფო ინტერესებს.
პოლიტიკური პროსტიტუცია, როგორც დაავადება, უნდა დასრულდეს და ამის ერთადერთი წამალი მხილებაა. ამ ვერაგი დაავადების მკურნალობა, ყველაზე ეფექტურად, მცოდნე და ობიექტურ პოლიტოლოგებს, ჟურნალისტებსა და პუბლიცისტებს ხელეწიფებათ. მჯერა, რომ მკურნალობა, თავის მხრივ, სწორედ ამ საქმის (პოლიტიკური პროსტიტუციის) ბობოლების „გაუვნებელყოფით“ იქნება სწრაფი შედეგების მომტანი.
ბიძინა დვალი
P.S. კიდევ ერთხელ მოსამართლეთა თემაზე: ბიძინა ივანიშვილმა, სატელევიზიო ეთერში, კიდევ ერთხელ, დეტალურად ახსნა, 2013 წელს არსებული რეალობიდან გამომდინარე, რატომ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის მონაწილეც ჩვენ, ყველა ერთად, ვიყავით. ისიც ითქვა, რომ ჩვენს ირგვლივ, მსგავსი ცოდვებით დამძიმებული ასიათასობით ადამიანი იყო და ყველასთვის სათითაოდ რომ მოგვეკითხა, ქვეყანა აღარ დაგვრჩებოდაო. მერე მორიდებით დაამატა (არა პირდაპირი ტექსტით), ვინც უცოდველია, პირველი ქვა იმან ისროლოსო.
ეკა ბესელიამ, მარცხენა ხელში რომ ქვა ეჭირა, ის ესროლა. ხოლო ის, რაც მარჯვენაში ეჭირა, თვალს მოაფარა (შემდეგში, ცნობილი გახდა, რომ ეს თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობა, რაღაც კამერებმა დააფიქსირეს);
„მიშისტებმა“, „ბოკერიისტებმა“ და მათმა სატელიტებმა თქვეს, ქვების მეტი რა გვისვრიაო და თითომ თითო ქვა კიდევ გაისროლა მათ მიერვე შექმნილი სამიზნეებისკენ;
„ნაცების“ განაყოფ-სატელიტების ზურგს უკნიდან კაპიტანი გიგაურის მოკლე შეძახილზე - „ცეცხლი“ - რომელიც ვანო მერაბიშვილისგან ჯერ კიდევ 2007 წელს ჰქონდა ნასწავლი, სეტყვასავით წამოვიდა „სამოქალაქო სექტორის“ ბღუჯებად ნასროლი კენჭები;
დავით მაღრაძემ, ერთი მოზრდილი ქვა ჯერ ხელში ათამაშა, იქნებ ამ აურზაურში ვერავინ შემნიშნოსო, მაგრამ უკნიდან კბილებში გაცრილი ხმა რომ ჩაესმა, - „როგორც პოეტმა, ვითომ ვერ გაიგე ბიძინას პოლიტიკური ახსნა-განმარტებები და ვითომ ვერც ის გაიგე, სახარებისეული „ნარატივი“ აქ რა შუაში იყოო და თანაც, კარგი ცხოვრება გინდა და ჩვენი მოთხოვნების შესრულება - არაო?“ - თვალები ტკივილამდე დახუჭა და მოზრდილი ქვა, მაინც ნახევარი ძალით და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მაღალი არტისტიზმით, გატყორცნა მითითებული მიმართულებით;
ემზარ კვიციანმა ირმა ინაშვილს გადაუჩურჩულა, მოდი, ქვა ზევით ააგდე, მაინც იურისტს დაეცემა თავში და აქეთ იქნება თუ იქით, რა მნიშვნელობა აქვსო;
მუხრან მაჭავარიანი, თვალზე სიხარულის ცრემლით თავის საიუბილეო საღამოს ღრუბლებს ზემოდან რომ დასცქეროდა, თურმე უნებლიედ, ქვების სროლის შემსწრე გამხდარა. მანძილის სიშორის გამო, დიდი შინაგანი ემოციით დამუხტულს, შეიძლება ვერც ვერაფერი შეემჩნია, რომ არა გვარამია-კვესიტაძე-გრიგოლია-სანაია-ჟიჟილაშვილ-ჯანგირაშვილ-კაპანაძე(აჭარის ტელევიზია)-მელაძე-ტუხიაშვილ და სხვათა, აგრეთვე ხუხაშვილ-ცისკარიშვილ-ლაგაზიძე-საყვარელიძე-გამზარდია და სხვათა გამაყრუებელი ყიჟინა, ქვების სროლის პროცესს ფონად რომ ედო და ღრუბლებში რომ ატანდა. ნეტარხსენებულს, თავისი განუმეორემელი ტემბრით, ნაღვლიანად ჩაულაპარაკნია - „რა ძნელია, რუსთაველო, მეტეხო და დიღმის ველო, მიდიოდე და ფიქრობდე, ეს არ არის საქართველო“.
... ბიძინა ივანიშვილი კი მთაწმინდის გადმოსახედზე იდგა დამწუხრებული და ხმამაღლა, ისე რომ ამას ვერც კი ამჩნევდა, მონოტონურად იმეორებდა - ამათ უკვე აღარაფერი ეშველებათ... ამათ უკვე აღარაფერი ეშველებათ...
მერე, თითქოს შერცხვაო თავისივე ფიქრის - კი მაგრამ, ხალხმა რა დააშავა, შვილებმა და შვილიშვილებმა რა დააშავეს, თუნდაც ამათმა შვილებმა და შვილიშვილებმა?.. ან წინაპრებს როგორ უნდა ავუხსნათ... ან ღმერთს რა პასუხი უნდა გავცეთ?.. ბოლოს კი, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო - არჩეული გზიდან გადახვევა სამშობლოს ღალატიაო... და სამუშაო მაგიდას დაუბრუნდა.
14.04.2019