საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე, თაბორის მთის ტერიტორიაზე პარლამენტარ ბექა ოდიშარიასთვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის, ადგილმონაცვლეობის საკითხზე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს.
უჯმაჯურიძის განცხადებით, ოპოზიციის შეფასებები არაადეკვატურია, რადგან არსებული მიწის საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა.
„ნამდვილად ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ოპოზიცია ყველა საკითხზე ქილიკობს. მე მათ შეფასებას ვერ დავეთანხმები. თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ თაბორის მთაზე არსებული მიწა დადგენილ ფასზე ნაკლები ღირებულებისაა, შეგვატყობინეთ. არ მინდოდა თქვენი მმართველობის 9 წელზე საუბარი, მაგრამ იძულებული ვარ შეგახსენოთ, რომ წინა ხელისუფლება, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ერქვა, კერძო საკუთრების უფლებას არღვევდა, ადამიანებს იბარებდნენ პროკურატურაში და ქონებას იძულებით ათმობინებდნენ. ცხადია, რომ მაშინ არც ადგილმონაცვლეობაზე გქონდათ სადარდებელი და არც შეფასებები გაღელვებდათ“, - განაცხადა დავით უჯმაჯურიძემ.