სასტუმრო „რედისონში“ მორიგი შეხვედრა გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში შექმნილი სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს (TAG) წევრებთან, რომელიც სხვადასხვა ბიზნესასოციაციებს აერთიანებს. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და USAID/GEORGIA პროექტი "მმართველობა განვითარებისათვის" (G4G) მხარდაჭერით ჩატარდა და მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე უძღვებოდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.
კერძო სექტორთან შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ქართული საექსპორტო პოტენციალის გამოვლენისა და მათი ამ ქვეყნების ბაზრებზე ექსპორტირების ხელშეწყობის საკითხებია. ამასთან, კერძო სექტორის მხრიდან დასმული საკითხები ეხება ამ ქვეყნებთან ვაჭრობისას არსებულ არასატარიფო ბარიერებს.
„ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებს ვისთანაც ვაფორმებთ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ იმ კუთხით, რომ აღნიშნულ ქვეყნებთან უფრო მეტად გაძლიერდეს ვაჭრობა და ხელი შეეწყოს ქართული პროდუქციის ექსპორტის დივესიფიცირებას და სტრუქტურის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა გენადი არველაძემ სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქცია ერთ კონკრეტულ ბაზარზე არ იყოს მიბმული და მოხდეს ექსპორტის დივერსიფიცირება.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების თანახმად არის მზაობა, რომ მოხდეს იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, სადაც საქართველო კონკურენტუნარიანია, რის შემდგომაც ევროკავშირი დაგვეხმარება იმ ტექნიკური და სავაჭრო ბარიერების დაძლევაში, რომლებიც ხელს უშლის ჩვენი პროდუქტის გადაადგილებას აღნიშნულ ბაზარზე. მისი განცხადებით, ასევე ჩინეთის კომერციის სამინისტროა დაინტერესებული, რომ მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდეს გასულ წელს ძალაში შესულ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, GIZ-თან ერთად, მათი ექსპერტების ჩართულობით უკვე მოხდა რამდენიმე სექტორის იდენტიფიცირება.
„მოვახდინეთ გარკვეული სექტორების იდენტიფიცირება, სადაც ვფიქრობთ, რომ ღირებულებათა ჯაჭვში შესაძლებელია ევროკავშირის მიმართულებით ჩართვა. ასეთი 3 სექტორი იქნა იდენტიფიცირებული: ეს არის ავეჯის და მსუბუქი მრეწველობის სექტორები, ასევე აისითი სექტორი“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.