ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
გამოძახილი ქეთი დუმბაძის მოგონებაზე
მოვა დრო, როცა მომავალი თაობები ხელახლა „აღმოაჩენენ“ ნოდარ დუმბაძეს და მისი სახელი კიდევ უფრო გარემოსილი იქნება ერთობ დიდი სიყვარულით, გააზრებით.
იმ ეპოქის შესწავლას, ისტორიკოსთა ნაღვაწის პარალელურად, არანაკლებ წაადგება ნოდარის შემოქმედება, მისი დიდი სიკეთით და კეთილშობილებით სავსე...
მანამდე კი უპრიანი იქნებოდა, შეგვეკრიბა თანამედროვეთა მოგონებები ამ უნიკალურ ადამიანზე, რომლის მიმართ საზოგადოება არასოდეს იშურებდა გულწრფელ სიყვარულს და პატივისცემას.
სხვათაშორის, ეს განწყობა დაუფარავად გამოვლინდა მთაწმინდაზე მის გადასვენებასთან დაკავშირებითაც, რაც მოხდა ყოველგვარი „მანიპულიაციების“ გარეშე, გარდაცვალებიდან კანონით გათვალისწინებული ვადის გადაჭარბებით გასვლის შემდეგ.
და კიდევ ერთი, აუცილებლად სათქმელი: ნოდარის მეუღლე, მისი ქალიშვილები ხასიათით, თავმდაბლობით, აზროვნებით ნოდარის ალი-კვალი არიან, შეჭიდებულნი საზოგადოებრივ საქმეს, წიგნიერების ხელშეწყობას, განათლების სფეროს განვითარებას, მწერლობასაც... ერთი სიტყვით, საზოგადოების მიერ ისინი აღქმულნი არიან როგორც სამაგალითოდ ზნეკეთილნი და პატივმიღებულნი.
ცრემლებამდე სასიხარულოა ეს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა გარემო დაბინძურებულია სიძულვილით, უმადურობით, ბილწსიტყვაობით, კარიერიზმის ბაცილებით, უკიდეგანო უტიფრობით, სიცრუით, განსაკუთრებით მაშინ, როცა სჭირდებათ საკუთარი ოჯახების და ახლობლების ბიოგრაფიების კონიუნქტურული რევიზია.
ნოდარს და მის ოჯახს ეს „ვირეშმაკობა“ არ დასჭირვებიათ. არასოდეს!!! რამეთუ, ისინი ყოველთვის ცხოვრობდნენ გაუხუნარი ზნეობრივი ფასეულობებით, რომელთაც დამატებითი ახსნა არ სჭირდება. მას ჰქვია სამარადისო სახელი:
ნ ო დ ა რ დ უ მ ბა ძ ე!
ბედნიერი ვარ, რომ მისი უმცროსი მეგობარი ვიყავი. კიდევ უფრო ბედნიერი, რომ ამ სტრიქონების დაწერის საშუალება მომცა ცხოვრებამ.
ნუგზარ ფოფხაძე
აქვე გთავაზობთ ქეთი დუმბაძის მოგონებას
რაიმე ახალი თქვა და დაწერო იმ ბუმბერაზი ადამიანის შესახებ, რომელსაც ნოდარ დუმბაძე ჰქვია, ძალიან ძნელია. თუმცა მის კაბინეტში, მისივე ხელნაწერების ფონზე, მწერლის ქალიშვილისგან მოყოლილი ამბების მოსმენა ნამდვილად ემოციური აღმოჩნდა. 1971 წლიდან გურულების შექსპირად წოდებული მწერალი, მეუღლესთან - ნანული გუგუნავასთან და ორ ქალიშვილთან ერთად, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ გვერდით კორპუსში ცხოვრობდა. ეს იყო ერთადერთი სახლი მის ცხოვრებაში, სადაც საკუთარი კაბინეტი ჰქონდა. დღესდღეობით ის მუზეუმადაა ქცეული და უამრავ მემორიალურ ნივთს ინახავს. ნოდარ დუმბაძის ქალიშვილმა ქეთევან დუმბაძემ სწორედ აქ გვიმასპინძლა და მოგონებების სკივრიდან საინტერესო ამბები გამოგვიფინა.
- მე რომ დავიბადე, ჩემი მშობლები ჭავჭავაძის ქუჩაზე, უნივერსიტეტის წინ მდებარე კორპუსში ცხოვრობდნენ. ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებული ოთხი ოთახიდან, ბაბუს დახვრეტის შემდეგ, მხოლოდ ერთი დაგვიტოვეს, სწორედ იმ სახლში გავჩნდით მეც, ზაზაც და მანანაც. თვეების ვიქნებოდი, როცა მამამ ბინა საბურთალოზე, ანაგის ქუჩაზე მიიღო. 10 წლის შემდეგ კი აქ გადმოვედით. საბურთალოზე ბევრი მეგობარი მყავდა და იქიდან გადმოსვლა მაინცდამაინც არ გამხარებია, სამეზობლოც ძალიან შეკრული იყო, დღემდე ვმეგობრობ ჩემს მეზობლებთან. აქაც არაჩვეულებრივი მეზობლები გვყავს და არ გამჭირვებია შეგუება. მამა ამ სახლში გადმოსვლით ძალიან ბედნიერი იყო, პირველად მოხდა მის ცხოვრებაში, რომ კაბინეტი ჰქონდა. მართალია, ამ საწერ მაგიდასთან მე და მანანაც ვმეცადინეობიდით და „ვეცილებოდით“, მაგრამ ის მაინც ღამით მუშაობდა ხოლმე, იკეტებოდა ამ ოთახში და წერდა. ღამით რომ გამეღვიძებოდა და დავინახავდი, შუქი ენთო, ეს იყო ნიშანი იმისა, რომ მამა წერდა.
ის ზუსტად ისეთი იყო, როგორებიც მისი ნაწარმოებების გმირები არიან. ძალიან ბევრ მწერალთან მაქვს კავშირი, ვმეგობრობ და ვიცნობ მათ შემოქმედებას, მაგრამ ადამიანი ასე ჰგავდეს თავის გმირებს - ზურიკელას, ზაზა ნაკაშიძეს და ა.შ. როგორც მამა, სხვა არ მინახავს. გინდ დამიჯერეთ, გინდ არა, ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს დედას და მამას არათუ ჩხუბი, კამათიც კი, და ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მაგალითს შვილებისთვის, რადგან მეც არასდროს მიჩხუბია ჩემს მეუღლესთან. არადა, მამა ძალიან პრინციპული კაცი იყო, რომ იტყოდა რაღაცას, ძნელად გადავიდოდა სიტყვას და შეიცვლიდა აზრს, მაგრამ კონფლიქტამდე საქმე არასდროს მიჰყავდა. მისი დიდი რიდი გვქონდა, არასდროს ვაგვიანებდი სახლში მოსვლას, იმიტომ, რომ მამას გული ეტკინებოდა, ეწყინებოდა. მაშინ არ იყო მობილური, რომ დაერეკათ და გაეგოთ ამბავი. ახალგაზრდები შატალოზეც დავდიოდით, ისეთ უბანშიც ვხვდებოდით, სადაც მანამდე არ ვიყავით ნამყოფები, ალბათ ჩვენც ვაშავებდით რაღაცებს, მაგრამ მუდმივად დამყვებოდა ის განცდა, მამას არ ეწყინოს, მამა არ გაბრაზდეს. საოცრად დემოკრატი იყო, არაფერს გვიშლიდა. ამის დასტურია ის, რომ მე მუსიკაზე არ დავდიოდი, მაშინ, როცა ძალიან იშვიათია ჩემი თაობის ადამიანი, რომელიც მუსიკაზე არ დაჰყავდათ. მიმიყვანეს მუსიკალურ სკოლაში, ვთქვი, არ მინდა სიარული-მეთქი, მამამ მხარი ამიბა და დედას უთხრა, დაანებე თავი ბავშვსო. ასე დაიხურა ეს თემა. ზუსტად ის თავისუფლება, რომელსაც მამა გვანიჭებდა, ქმნიდა იმ მორიდებულობას, რაც მის მიმართ გვქონდა. მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბევრჯერ არასწორი დამოკიდებულებაც ჰქონიათ ჩვენს, როგორც ნოდარის შვილების მიმართ, გინდა სკოლაში და გინდა უნივერსიტეტში.