NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტემილერმა „Deutsche Welle“-სთან ინტერვიუში საქართველოსა და უკრაინაზე ისაუბრა.
როგორც გოტემილერმა რუსეთთან პოტენციური კონფლიქტის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე განაცხადა, ის არ ფიქრობს, რომ მსგავს სცენარში NATO დამარცხდება. ამის მიზეზად მან ალიანსის მოქნილობა და ადაპტირებულობა დაასახელა, რის გამოც, მისივე თქმით, NATO გამოწვევებს პასუხობს და წარმატებას აღწევს.
გადაცემა „კონფლიქტის ზონის“ წამყვანმა ტიმ სებასტიანმა ამ კონტექსტში რესპონდენტს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და 2014 წელს ყირიმში შეჭრის შესახებ დაუსვა კითხვა.
გოტემილერმა აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენები უდიდესი გამოფხიზლების სიგნალი იყო.
„ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, ხაზი გავუსვათ NATO-ს შესახებ ვაშინგტონის შეთანხმების მე-5 მუხლს, რაც გულისხმობს პრინციპს „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის“. ეს კი, ჩვენი თავდაცვითი ალიანსის საკვანძო იდეაა. 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენები იყო უდიდესი გამოფხიზლების სიგნალი ჩვენთვის. სრული ცვლილება გამოიწვია ალიანსში უკვე 2014 წელმა, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ „დაეშის“, „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევებითა და ხალიფატის ჩამოყალიბებით მოსულში, რამაც მოიტანა ტერორიზმთან და ძალადობრივ ექსტრემიზმთან უფრო მკაფიო ბრძოლის აუცილებლობა. ამ პერიოდში ჩვენ ნამდვილად მივიღეთ გამაფრთხილებელი სიგნალი, რამაც ალიანსში დიდი ცვლილებები გამოიწვია, რომელთაგანაც ერთ-ერთი და არც თუ ისე უმნიშვნელო იყო თავდაცვის ხარჯების ზრდა და იმაზე ორიენტირება, თუ რა გვჭირდება რეალურად, რომ ამ სახის გამოწვევებს გავუმკლავდეთ“, - აღნიშნა როუზ გოტემილერმა კითხვის საპასუხოდ.
ბრიტანელი ჟურნალისტი ტიმ სებასტიანი ინტერვიუს დროს აღნიშნავს, რომ ალიანსის მიერ უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მიუხედავად, რუსეთი განაგრძობს სამხედრო მიმართულებით გაბედული ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის აძლიერებს საზღვაო თუ სახმელეთო ძალებს საზღვრებთან. ამის საფუძველზე კი ასკვნის, რომ უკრაინის მხარდაჭერით რუსეთის შეკავება ვერ ხერხდება, რაზეც როუზ გოტემილერი პასუხობს, რომ უკრაინასთან თანამშრომლობის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები რუსეთის ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დარჩენილა. მან უკრაინის თავდაცვის ძალებთან აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა.
ასევე, ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ NATO-ს წევრობის პირობას ალიანსი პარტნიორ ქვეყნებთან კონკრეტული ვადების დასახელების გარეშე გასცემს, რაზეც გოტემილერი პასუხობს:
„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ოთხმა ქვეყანამ გამოთქვა წევრობის სურვილი, NATO-მ კი, მათ თანხმობა გამოუცხადა და უთხრა, რომ ისინი NATO-ს წევრობას მიიღებდნენ. ამ ქვეყნებს შორის იყვნენ საქართველო და უკრაინა, თუმცა ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ორივე ქვეყანა ჯერ კიდევ რეფორმების გზას გადის. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ როდესაც ისინი გახდებიან NATO-ს წევრები, მზად იქნებიან, წვლილი შეიტანონ უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით ალიანსში, ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი დემოკრატიულ პრინციპებს დაუახლოვდნენ“, - აღნიშნა როუზ გოტემილერმა.