logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი ბიძინა ივანიშვილს: რაღა დაგიმალოთ და... ზუსტად აფასებთ ადამიანებს
- +

20 აპრილი. 2019. 19:05

 

 

ბატონო ბიძინა, ვნახე თქვენი ინტერვიუ, რომელიც „ტელეიმედის“ ეთერში გავიდა 9 აპრილის ღამეს. მომეწონა, ეს იყო (ჩემი აზრით) დაუვარცხნელი და გულწრფელი საუბარი. სიმართლე გითხრათ, შემეცოდეთ კიდეც. არა, თქვენ არც ჩემი და არც სხვისი შესაცოდი არაფერი გჭირთ, მაგრამ ხელახლა დავინახე კარს მომდგარი უმადურების, უზნეოებისა და თვალთმაქცების დიდი არმია. უნებლიეთ ისევ გამეფიქრა - ამ კაცს ქვეყანა რომ არ უყვარდეს, ნეტა რატომ ირჯება, რაზე ნერვიულობს, რისთვის და ვისთვის იმოკლებს-მეთქი სიცოცხლეს?

 

ინტერვიუს დასრულებისთანავე (რასაც ველოდი), თქვენმა თავგადაკლულმა მომხრეებმაც კი დაიწყეს სოციალურ ქსელებში წერა: ეს რა თქვაო? ეს როგორ თქვაო? ესე იგი, „ნაცებთან“ ერთად უნდა ვიცხოვროთ სიამტკბილობითო? ესე იგი, შალვა შავგულიძე დამნაშავეა, ხოლო ლევან მურუსიძე მამა აბრამის ბატკანიო? აქ მახსენდება თქვენი ნათქვამი ჯერ კიდევ 2012 წელს - საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება, სამსახურებიდან ხალხის გაყრაო. ამაში ასი პროცენტით გეთანხმებით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს არ უნდა ეშინოდეს, რომ ხვალ ხელისუფლება შეიცვლება და ქუჩაში გააგდებენ. თუმცა ძალიან არ მომწონს, როცა იგივე საჯარო სამსახურებში დასაქმებული „ნაციონალები“ ავაზაკობენ, სააკაშვილს სანთლებს უნთებენ და რევოლუციაზე ფიქრობენ. არც ის მომწონს, როცა შტატების შემცირებისა თუ რეორგანიზაციის საბაბით ქუჩაში მხოლოდ „ქართული ოცნების“ მომხრეებს ყრიან და შეურაცხყოფას აყენებენ. თუ თანასწორობაა, მაშინ თანასწორობა იყოს, ნუ ირღვევა პატივისა და ღირსების შელახვის პროცესი. მე მესმის თქვენი, თქვენ ვერასოდეს გამოხვალთ, ვერასოდეს მოუწოდებთ ანგარიშსწორებისკენ, „ნაციონალების“ დაჩაგვრისკენ და ასე შემდეგ, ეს არ იქნება სამართლიანი და შეიძლება ქვეყანაში კატაკლიზმებიც კი გამოიწვიოს. თუმცა, მერწმუნეთ, იმ ადამიანების დაფასება, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დადეს სასწორზე და რომელთა გამოძახებაც გვიწევს თითქმის ყოველ არჩევნებზე, აუცილებელია. პრინციპში, ახალს არაფერს ვამბობ, ძველი გვარდიის მდგომარების შესახებ ჩემზე უკეთესად იცით. ბატონო ბიძინა, ჩვენში მრავლად არიან ადამიანები, რომლებმაც სააკაშვილის ყაჩაღური ბანდის მმართველობის პერიოდში ყველაფერი დაკარგეს და ციხის კედლებიც ხეხეს, აღარაფერს ვამბობ გაუპატიურებასა და არნახულ ძალადობაზე, ძალიან რთულია, ამ ადამიანებს შთავაგონოთ, მოვუწოდოთ, დავაჯეროთ, იცხოვრონ მწამებლებისა და ჯალათების გვერდით ჰარმონიულად. ამას დრო სჭირდება, ალბათ ათწლეულები . მთავარი წამალი კი გახლავთ ის, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. კი, თქვენ ამბობთ და ჩვენც ვხედავთ, ე.წ. ყოჩების ნაწილი დაპატიმრებულია, ახალაიები და მერაბიშვილები ციხეში სხედან, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი ჯალათ-შემსრულებელი თანამდებობაზეა მომჯდარი. ეს არ შეიძლება, ეს ბუნების კანონს ეწინააღმდეგება, ჯალათის გამოსწორება არ ხერხდება, ჯალათის ადგილი ციხეშია. ჯალათის გაკეთილშობილება ჯერაც ვერავინ შეძლო დედამიწის ზურგზე, თქვენ რანაირად უნდა შეძლოთ? შეიძლება გახსოვთ, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე გკითხეთ, პროკურორმა თუ გამომძიებელმა, რომელმაც ადამიანი გააუბედურა, ამ გაუბედურებულის აღსარება როგორ უნდა ჩაიბაროს-მეთქი? თქვენ მითხარით, პროკურორები და გამომძიებლები ახალ გარემოებაში ახლებურად იმუშავებენო. კი, ბატონო, მივესალმები თქვენს კეთილშობილურ ინიციატივას, მაგრამ ვერ და არ იმუშავეს მწვალებლებმა ახალ გარემოებაში ახლებურად - ბევრი საქმე განზრახ შემოიდო თაროზე, ბევრს კი საერთოდ მტვერი წაეყარა და დავიწყებას მიეცა. რა ქნას ახლა ცხოვრებაში გაცამტვერებულმა, დაზარალებულმა ჩვენმა მოქალაქემ, წავიდეს და „კაგებეს“ აგენტ ვაშაძეს მისცეს ხმა? არ უნდა ამის გაკეთება, სასტიკად არ უნდა, მაგრამ გაბრაზებულია და შესაძლოა, ამ გაბრაზებამ ისე დარიოს ხელი, მართლა სისულელე ჩაიდინოს.

 

ისე, რაღა დაგიმალოთ და... ზუსტად აფასებთ ადამიანებს. ეს შეფასებები ცოტა გვიან კი გამოგდით, მაგრამ მაინც დიდებულია. საოცარი რამეები ხდება, ბატონო ბიძინა, თქვენს გარშემოც და ჩვენს გარშემოც ამ ბედკრულ საქართველოში. ვინც კი სარკოფაგიდან წამოაგდეთ, ყველა გაძღა და გაქსუვდა. ზოგიერთი კი ისე გათავხედდა, უკვე შავ-თეთრ ნეგატივად გთვლით. დიახ, ბატონ გია ხუხაშვილზე მოგახსენებთ. როდესაც თქვენ თქვით, არ მჯერა, ხუხაშვილი, შავგულიძე, სანიკიძე და სხვები როდისმე სააკაშვილის ოპოზიციაში თუ იყვნენო, ამაზე ასე გიპასუხათ:

 

„ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს რომ აფინანსებდა, მაშინ ჩემს თავზე სააკაშვილი წისქვილის ქვას ატრიალებდა, სად ნახა, სად ამოიკითხა ჩემი სააკაშვილისადმი ხოტბა, არ ვიცი. მთელი ინტერვიუს განმავლობაში შავზე ლაპარაკობდა თეთრს და პირიქით. არათუ გამრუდებულ რეალობაშია, არამედ საერთოდ საპირისპირო რეალობაშია. მას აქვს გარკვეული ნოსტალგია, პოლიტიკურ დეპრესიაშია და უნდა, რომ ხალხს უყვარდეს“.

 

ესე იგი, თუ დიდ „ხუხას“ დავუჯერებთ, თქვენ ხართ ირეალობაში, ანუ არარეალურ სამყაროში და ამავე დროს გაქვთ პოლიტიკური დეპრესია, ძალიან გინდათ, რომ ხალხს უყვარდეთ. მინდა, „ხუხასეული“ ფენომენი ცოტა უკეთესად ავხსნა: თურმე თანამედროვე მედიცინაში პოლიტიკური დეპრესიაც ყოფილა... თურმე, როცა ადამიანს უნდა, რომ ხალხს უყვარდეს და ამ დროს ხალხს (ანუ „ნაცებს“) არ უყვარს, ვარდება პოლიტიკურ დეპრესიაში.

 

აქვე ბუნებრივად იბადება კითხვა: რა ჰქვია ადამიანს, რომელიც ასეთ დიაგნოზს სვამს? თუ არსებობს დაავადება, უნდა არსებობდეს ექიმიც. ამ შემთხვევაში ექიმის როლს ასრულებს „ხუხა“. ჰო, აბა, რა ჰქვია მის პროფესიას? ალბათ, პოლიტდეპრესოლოგი. ეეეჰ, ბატონო ბიძინა, ხუმრობა იქით იყოს და... ხედავთ, „ვინები“ გიტევენ და „ვინები“ გაყენებენ შეურაცხყოფას? ისევ ისინი, რომლებიც ზემო თაროს წამოსვით და რჩევებს ეკითხებოდით. მეტიც... მოდით, პირდაპირ გეტყვით, საზოგადოებაში უამრავი ჭორ-მართალი დადის, მავანს ბინა აჩუქაო, მავანს სახლი აუშენაო, მავანს უმკურნალაო... და სწორედ ეს დაჯილდოებულნი შემოგიტრიალდნენ. რა გამოდის, ვისაც ხელი გაუწოდეთ, ყველა ნამუსგარეცხილი რატომ აღმოჩნდა? პირში არ გეფერებით, უბრალოდ სიმართლეს ვამბობ, თქვენ იმდენად სულგრძელი ხართ, ამ წუთამდე არავისთვის წამოგიძახებიათ, მე ესა და ეს გაგიკეთეთ, რა უმადურები ყოფილხართო? არავისთვის გითქვამთ, სამკურნალოდ რომ გაგაგზავნე გერმანიაში და 150 ათასი დოლარი გავისროლე, სიკვდილისგან რომ გიხსენი, ეს როგორღა იყოო? აშკარად ჩანს, თქვენი სიკეთე ამ ადამიანებს უკუღმა ესმით - გაუკეთებთ, გადაჰყვებით, დააფასებთ და ეგრევე იწყება: ესაო, იმათ კი არაო, ბიძინა ივანიშვილს სჭირდება, თავისი მიზნები აქვსო. არადა, ვიმეორებ, ხარჯავთ და არავისგან არაფერს ითხოვთ, პერიოდულად ტელევიზიით გამოდიხართ და მხოლოდ ის გეტყობათ, რომ ამდენი ღალატის გამო გული გტკივათ. თურმე, ამ გაქსუებულთათვის მთავარი პირადი ურთიერთობები კი არა, სახალხო ინტერესები ყოფილა, ქვეყნის მომავალი ყოფილა. თქვენ სიმართლე თქვით, ნეტა მაშინ სად იყვნენ, როცა ლევან მურუსიძე და სხვები ჩვეულებრივად მოსამართლეობდნენ, შვიდი წელიწადი რას ელოდებოდნენ? იმას, რომ ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები... იმას, რომ უკვე მიდის მავანთა გადანაწილება... იმას, რომ ახლა (მათი დავთრების მიხედვით) თუ არ იზრუნეს არჩევნებისთვის, თუ არ გამონახეს რაიმე ხვრელი, „ქართული ოცნებიდან“ ვეღარ მოხვდებიან პარლამენტში. მიიღეს სიგნალი და წავიდნენ, აქ რა არის გაუგებარი? არ ეყოთ ეს დრო, ვერ მოამთავრეს სათავიანთო საკითხები, იქ უნდათ დაბერება, საპარლამენტო სკამზე. რაღა დაგიმალოთ და... ეკა ბესელიაზე მაინც დამწყდა გული და ალბათ უფრო დამწყდება, გრიგოლ ვაშაძის გვერდით თუ დავინახავ. იგივე ბესელია ამბობს, ბიძინა ივანიშვილი ჩვენზე გაბრაზებულია, ვერ გაგვაჩუმა და ამიტომო:

 

„ჩემი გაჩუმება მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოახერხა, მაშინ როდესაც საბრალდებო სკამზე ერთ მხარეს სკოლის მოსწავლე შვილი მეჯდა და მეორე მხარეს - ძმა. ეს იყო სწორედ იმისთვის, რომ გავჩუმებულიყავი. ახლა ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა ჩემი გაჩუმება ხათრის გამო. უკაცრავად, როდესაც საქმე ამ ქვეყნის მომავალს, იდეალებს და სამართლიანობას ეხება, მე შვილზე და ძმაზე ძვირფასი არავინ მყავს ქვეყანაზე და მათ გამო ვერ გავჩუმდი, ვერავის გამო ვერ გავჩუმდები. გაბრაზებულია და დღეს სხვაგვარად ჰყვება იმას, რაც რეალობაში სხვაგვარად იყო. აქ ჩვენ ერთმანეთთან სასაუბრო ფუნდამენტი დავკარგეთ. ჩვენ დავრჩით იქ, სადაც ვიყავით და მან ნამდვილად შეიცვალა ხედვა“.

 

მიკვირს... ეკა ბესელია ისე იქცევა, თითქოს არ გიცნობთ, თითქოს მასთან არასოდეს გისაუბრიათ. მე და თქვენ ერთმანეთს პირველად 2012 წლის გაზაფხულზე შევხვდით, თითქმის სამი საათი ვისაუბრეთ და წარმოიდგინეთ, თქვენს მაშინდელსა და დღევანდელ პოზიციებს შორის სხვაობას ვერ ვამჩნევ. იმთავითვე კარგად იცოდით,  აუცილებლად მოგიწევდათ საერთაშორისო კონიუნქტურის დარწმუნება იმაში, რომ არ ხართ დიქტატორი და რევანშისტი, რომ არ აპირებდით მასობრივ დაპატიმრებებს, რომ არ გაყრიდით მოსამართლეებსა თუ პროკურორებს ქუჩაში და ორივე სექტორს მისცემდით თვითგამორკვევის საშუალებას. კი, ბატონო, თქვენ ეს შეძელით, თქვენ ყველაფერში დაარწმუნეთ საერთაშორისო თანამეგობრობა, მაგრამ როგორც ზემოთ დავწერე, ბევრი რამ ეწინააღმდეგება ბუნების კანონებს. მესმის, საზოგადოების გაერთიანებას ცდილობთ, პოლიტიკური აზროვნებისა და სწორი ანალიზის შემოტანას ცდილობთ, მაგრამ იცოდეთ, ბეწვის ხიდზე გადიხართ, სახიფათო გზას ადგახართ და ღმერთმა ნუ ქნას, არის საშიშროება, ამ გზამ გადაგიყოლოთ. აბა, ნახეთ, როგორ იქცევა გუბაზ სანიკიძე, როგორაა ამხელა კაცი ახუნტრუცებული:

 

„მე მგონი, ჩვენ საქმე ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს. აქ უკვე პოლიტიკური ანალიზები და შეფასებები აღარ არის საჭირო. ბიძინა ივანიშვილი სასწრაფოდ ფსიქიატრთან არის მისაყვანი, ყოველგვარი სარკაზმის გარეშე ვამბობ. სახიფათოა ივანიშვილი ქვეყნისთვის. კაცი მთელ სამყაროს ებრძვის, ჭკუაზე აღარ არის. სერიალებზე რეაგირებს და ხომ ვიცით, რომელ სერიალზეც რეაგირებს – „ჩემი ცოლის დაქალებზე“. იქ ბაქარ ორჯონიკიძეში ხედავს თავის თავს, თვითონ აკეთებს ტოლობის ნიშანს და გადაწყვიტა, რომ ფილმები გიორგი სააკაძეზე გადაიღოს, სადაც, ალბათ, თვითონ იქნება 301-ე არაგველი. ეს კაცი ხელისუფლებასა და ნებისმიერ სოციალურ აქტივობას უნდა ჩამოვაშოროთ. თუ არ იზამს, უნდა ვაიძულოთ. გუშინ დაფიქსირდა, რომ პირუტყვულად ეშინია აქციების. ყველა თავისი ფობია გამოავლინა. როგორც ჩანს, ქუჩის აქციები მოგვიწევს, რადგან ივანიშვილი არჩევნებით ხელისუფლებიდან წამსვლელი არ არის“.

 

სხვათა შორის, ძაან მაგრად თქვით ინტერვიუში, როცა გუბაზ სანიკიძემ დაიძინა, „ქართულ ოცნებაში“ იყო და როცა გაიღვიძა - „ნაცმოძრაობაშიო“. ჰო, მაგრამ გაიღვიძა კი? მაგას ისევ სძინავს, ძილბურანშია და ესიზმრება, როგორ, რა გზით უნდა დაგამხოთ. როდესაც მაგას ეძინა, ჟურნალისტები სანთლით ვეძებდით და იმალებოდა... სულ გაიძახდა, მაცალეთ, ჯერ დიდი საქმეები მაქვს დასამთავრებელიო. კი არ იძახდა, ძილში გვეპასუხებოდა ხოლმე ავტომატურად. გულბოზ სანიკიძე უკადრებელს კადრულობს, გულბოზობს და ლაზღანდარობს. ეს მრგვალი მუტრუკი უფრო ჭკვიანი მეგონა, მაგრამ ერთი რიგითი ბოღმიანი ყოფილა, რომელმაც კარგად ისარგებლა თქვენი ხასიათით და სიკეთეებით. 2012-დან 2016-მდე თბილად იყო მოყუჩებული, ახლა კიდევ იძახის, ივანიშვილს ფსიქიატრი სჭირდებაო.

 

აგერ, შეიკრიბნენ ძველი ჯეელები, თქვენს მიერ წამოყრილნი სარკოფაგებიდან და აცხადებენ, ივანიშვილი უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდესო. აბა, ერთი ვნახოთ, რის ტრაკი აქვთ. ჩემი აზრით, ეგენი საბოლოოდ გაითხრიან სამარეს და საკუთარი ფეხით ჩავლენ პოლიტიკურ მოუსავლეთში.

 

 

პატივისცემით, გელა ზედელაშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner