„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს „მოურავი“ „მთის ძირი“ „იმედი“ და „ბოსლები“ სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ტატუაშვილთან ერთად კოოპერატივების მეპაიეებს შეხვდნენ და ტექნიკა გადასცეს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 90 % -იანი თანადაფინანსებით მიიღეს ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.
კოოპერატივებს, რომლებშიც გაწევრიანებულია 100-მდე მეპაიე, მობილიზებული ფურების რაოდენობა კი 900-ზე მეტს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2000 ჰა-მდე სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, შემოსავლების ზრდას და მიგრაციული პროცესების შეჩერებას. სახელმწიფო
პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული.