შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.
როგორც გახარიამ ჟურნალისტებს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადა, ამ მომენტისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
რაც შეეხება ესკალაციის გამომწვევ მიზეზებს, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ესკალაცია გამოიწვია პანკისის ხეობაში სამხარეო სამმართველოს 35 პოლიციელის შესვლამ, რომლებსაც აგრესიულად განწყობილმა ადგილობრივთა ჯგუფმა ქვები დაუშინა.
მინისტრის განცხადებით, დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, ვის ინტერესებში იყო და რატომ მოხდა ვითარების ესკალაცია.
„ესკალაცია ფაქტობრივად, გამოიწვია შემდეგმა რამემ: დილით პანკისის ხეობაში გამოჩნდა სამხარეო სამმართველოს 35 პოლიციელი, რომლებსაც აგრესიულად განწყობილმა ადამიანების სპეციალურმა ჯგუფმა დაუშინა ქვები. ჩვენ დეტალურად გამოვიძიებთ, ვინ იყო ეს ხალხი და რა მიზანს ემსახურებოდა მათი ასეთი საქციელი, რამეთუ მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდნენ პანკისში სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ჩვენთვის ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია ასეთი ესკალაცია რატომ, რა მიზნით და ვის ინტერსებში მოხდა, რასაც დეტალურად გამოვიძიებთ. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დეტალურად შევისწავლით ყველა კამერაზე ასახულ ყველა მოვლენას, თითოეულ ადამიანსა და პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევას და მხოლოდ ამის შემდეგ, კანონის სრული შესაბამისობით გავატარებთ იმ ზომებს, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი იურისდიქცია. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა“, - განაცხადა გახარიამ.