„ზოგიერთი ვაი პოლიტოლოგი რაღაც აბსოლუტურად აბსურდულ სისულელეებს წერს“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოსთან განუცხადა ჟურნალისტებს, სადაც მან პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას დაშავებულები მოინახულა.
გიორგი გახარიას თქმით, ჰესის აშენებასთან დაკავშირებით სპეცრაზმი ხეობაში არავის შეუყვანია, დღეს პანკისის ხეობაში შევიდა მხოლოდ 35 პოლიციელი.
„ყველას მოვინახულებთ. საგანგაშო, მძიმე სიტუაციები არ გვაქვს. ზუსტად ვიცი, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, დრო მქონდა, რაღაც ინფორმაციებს შევხედე და ზოგიერთი ვაი პოლიტოლოგი რაღაც აბსოლუტურად აბსურდულ სისულელეებს წერს, მათ პანკისის ხეობის კი არა, სამშობლოს სიყვარულიც არ ესმით, რა არის. არავის პანკისის ხეობაში ჰესის ასაშენებლად სპეცრაზმი არ შეუყვანია. დღეს პანკისის ხეობაში შევიდა 35 კახეთის სამხარეო პოლიციელი, რომლებსაც ესროლეს ქვა და ამის შემდეგ მოხდა ის ყველაფერი, რაც მოხდა. მინდა, ზოგიერთებს მოვუწოდო, ცოტა უფრო კეთილსინდისიერად და სერიოზულად მიუდგნენ საკითხს მაშინ მაინც, როცა სერიოზულ თემებზე საუბრობენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.