საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის სხვა ნებართვებიც არის გაცემული და ინვესტორი გააგრძელებს მუშაობას.
როგორ დავითაშვილმა ჟურნალისტებს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში დაშავებული პოლიციელების მონახულების შემდეგ განუცხადა, სოფელში არსებულ ჰესთან დაკავშირებით მოსახლეობასთან დამატებითი კომუნიკაცია იქნება.
„ჰესის შესახებ გარემოსდაცვითი ნებართვა გაცემულია 2017 წელს. ეს ნებართვაც ითვალისწინებდა მოსახლეობასთან კომუნიკაციას, რომელშიც მათ შორის იყო ჩემი მოადგილეც ჩართული. თუმცა არიან ძალები, ვისაც მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ დაუსაბუთებელი ინფორმაციით და ეს ატარებს ძალიან ცუდ ხასიათს. ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებთ, რომ დღესაც, ხვალაც და ნებისმიერ დროს ჩვენი სამინისტროს კარი ღიაა და ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ ეს საკითხები განვიხილოთ. ნებართვა ძალაშია, მაგრამ მაინც მზად ვართ მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ. მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელიც უკავშიდება ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, კალმახს და ასე შემდეგ. ჩვენ აუცილებლად გვექნება მოსახლოებასთან კომუნიკაცია. საუბარი არ არის აქ ჰესი აშენდება თუ არ აშენდება, საუბარია იმაზე, რომ სხვა ნებართვებით არსებობს ხეობაში გაცემული ინვესტორის მიმართ და ინვესტორი გააგრძელებს მუშაობას. კონკრეტულად სოფელში არსებულ ჰესთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება დამატები კომუნიკაცია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, მოსახლეობას სხვა პროექტებთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ აქვთ.
„მოსახლეობა დაინტერესბულია ეკონომიკური განვითარებით და ეს უკავშირებდა მათ შორის ჰესებსაც, ენერგეტიკულ ობიექტებსაც“, - განაცხადა დავითაშვილმა.