logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშილი: პანკისში აუცილებელია პირდაპირი კომუნიკაციის გაძლიერება და გაუმჯობესება
- +

22 აპრილი. 2019. 12:02

 

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ პანკისში აუცილებელია პირდაპირი კომუნიკაციის გაძლიერება და გაუმჯობესება.

 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა პანკისში გუშინ განვითარებული პროცესები შეაფასა და აღნიშნა, რომ არსებობს ჯგუფი, რომლებიც არასწორად არიან ინფორმირებულნი, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია.

 

ანრი ოხანაშვილმა ასევე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კონკრეტული პირების მხრიდან მოსახლეობის განზრახ შეცდომაში შეყვანას.

 

ამასთან, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია, თითქოს სპეცრაზმი წინასწარ იყო მობილიზებული, არის არასწორი.

 

„სპეცრაზმის შეყვანა მოხდა უკიდურესად დაძაბული სიტუაციის შექმნის შემდგომ. არასწორი და ტყუილია ინფორმაცია, თითქოს სპეცრაზმი წინასწარ იყო მობილიზებული. ეს არის არასწორი ინფორმაცია. დაახლოებით 35 ადგილობრივი პოლიციელი იყო. ყველამ ვიხილეთ, როგორი შეტევა განხორციელდა პოლიციის მიმართ, ვიხილეთ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები. წინასწარ არ მინდა კონკრეტული ქმედებები შევაფასო, როგორც დანაშაულები, ვინაიდან ეს არის საგამოძიებო ორგანოს კომპეტენცია. უნდა ითქვას, რომ დაუშვებელია, ადამიანებზე, რომელიც იცავენ ქვეყნის თითოეული მოქალაქის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ უსაფრთხოებას, განხორციელდეს ძალადობა. ეს არის კანონდარღვევა და ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი კანონიერი რეაგირება. ფაქტია, რომ არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომლებიც არასწორად არიან ინფორმირებულნი, შესაძლოა, იყოს კონკრეტული პირების მხრიდან მათი განზრახ შეცდომაში შეყვანა, თუმცა გამოიკვეთა, რომ აუცილებელია პირდაპირი კომუნიკაციის კიდევ უფრო გაძლიერება და გაუმჯობესება. აუცილებელია პირდაპირი კომუნიკაციის გაძლიერება და გაუმჯობესება, ამის შემდეგ კი, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

 

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

 

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

 

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.

 

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner