logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: პანკისში ჰესის მშენებლობაზე მოსახლეობისთვის ინფორმაცია არასწორად იყო მიწოდებული...
- +

22 აპრილი. 2019. 12:03

 

 

„ზოგიერთი ძალის მხრიდან მიზანმიმართულად იყო მოსახლეობის არასწორად ინფორმირება და მცდელობა იმისა, რომ ხეობაში დაძაბულობა შექმნილიყო“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

 

დავითაშვილის თქმით, პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობდა.

 

„მოსახლეობასთან შეხვედრები წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, მათ შორის ესწრებოდა ჩემი მოადგილე. რა თქმა უნდა, სამინისტროს სხვადასხვა მაღალი დონის პროფესიონალი და ექსპერტი იყო ჩართული ამ თემაში, რომ მოსახლეობისთვის განმარტებული ყოფილიყო იმ რისკებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით აყენებენ. გარემოს დაცვით მიმართვაში სამინისტროს მხრიდან ჰესთან დაკავშირებით მთელი რიგი მოთხოვნებია, რომლებიც ზუსტად იმ საკითხებს აზღვევს, რაზეც მოსახლეობა ღელავდა. საუბარია იმაზე, რომ ზოგიერთი ძალის მხრიდან მიზანმიმართულად იყო მოსახლეობის არასწორად ინფორმირება და მცდელობა იმისა, რომ ხეობაში დაძაბულობა შექმნილიყო. ჩვენ ეს ვიხილეთ კიდეც. საბედნიეროდ, ხეობის უხუცეს მოსახლეობას ჰქონდა ძალიან დიდი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და საღი აზრი იმისთვის, რომ პროცესი განმუხტულიყო“,  - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

დავითაშვილის თქმით, მოსახლეობასთან საუბარი გაგრძელდება.

 

„იმ მიმართულებით, სადაც კითხვები არ იყო, კომპანიის მიერ მუშაობა გაგრძელდება. ჩვენ ჰესების შეჩერებაზე არ ვსაუბრობთ. კონკრეტულად იმ ჰესზე, რომელიც სოფელში შენდება, ამასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან საუბარი გაგრძელდება. არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ სამინისტროს კარი ღიაა. სამინისტროს რეჟიმში, კაბინეტში პროფესიონალებთან ერთად გვექნება განხილვები მოსახლეობის ჩართულობისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner