უკრაინაში ბიულეტენების 96 პროცენტის დათვლის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,14 პროცენტი აქვს. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პეტრო პოროშენკომ 24,53 პროცენტი მიიღო.
აღნიშნული შედეგი უპრეცედენტოა, რადგან მსგავსი მასშტაბის მხარდაჭერა ამ დრომდე არც ერთ კანდიდატს არ მოუპოვებია. რაც შეეხება საზღვარგარეთ არსებულ უბნებს, აქ გამარჯვება პეტრო პოროშენკომ მოიპოვა, რომელსაც ხმათა 53 პროცენტი აქვს.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ოფიციალურ შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია სავარაუდოდ 30 აპრილს გამოაცხადებს.
ამომრჩეველთა აქტივობა 62 პროცენტი იყო. უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ არჩევნებზე მასობრივი დარღვევები არ მომხდარა.