საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარტვილში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ოჯახის წინაშე ბოდიშს იხდის.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი, ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს.
„არ შეიძლება, არ გამოვეხმაურო ახალგაზრდის თვითმკვლელობის ტრაგიკულ ფაქტს და შიმშილობასთან ამ ფაქტის დაკავშირებას. ვერ გავარკვევ, რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი. ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს. ამიტომ აქვე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს, სასწრაფოდ დაიწყონ სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები. ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას და ბოდიშს ვუხდი, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე. ამავდროულად, უნდა ვთქვა ისიც, რომ სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.