logo_geo
eng_logo
საქართველოსა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
- +

22 აპრილი. 2019. 19:50

 

 

„პორტუგალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს  ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და დაინტერესებულია სხვადასხვა სფეროში საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებით“, - განაცხადა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აუგუშტუ სანტუშ სილვამ   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან ლისაბონში შეხვედრისას.

 

მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის თანამშრომლობას, რომელიც ყოველწლიურად ახალ განზომილებებს იძენს. ამის ნათელი მაგალითია ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პორტუგალია მზადყოფნას გამოთქვამს ტურიზმის სფეროში საკუთარი წარმატებული გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს, რომელიც თავის მხრივ, ტურიზმის სფეროში შთამბეჭდავ წარმატებებს აღწევს და  გააჩნია ბუნებრივი პოტენციალი მის განსავითარებლად.

 

მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველო და პორტუგალიას მტკიცე მეგობრობა აკავშირებთ და ორივე ქვეყანა დაინტერესებულია განავითაროს ხალხთაშორისი კონტაქტები, ურთიერთობები კულტურის და განათლების სფეროებში. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს  სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის დიდ პოტენციალს. ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა  საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობებზე, ქვეყნის აქტიურ ჩართულობაზე საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ მარშრუტებში.

 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას  ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის  უმძიმეს ფაქტებზე და მადლობა გადაუხადა პორტუგალიას სხვადახვა საერთაშორისო ფორმატებში  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რაც გამოიხატა, მათ შორის, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დამგმობ არაერთ განცხადებაში.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ სვლას ევროპული და ევრო-ატლანტიკური მიზნისკენ, ქვეყნის წამყვან პოზიციებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში და საქართველოს საბოლოო მიზანს გახდეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი. შეხვედრაზე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესა და ამ ფორმატში თანამშრომლობის სამომავალო მიზნების დასახვაზე წევრი ქვეყნების მისწრაფებების და მათ მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით. დავით ზალკალიანმა პორტუგალიელი კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პორტუგალიის რესპუბლიკას ვიზიტით მიმდინარე წლის 21-22 აპრილს ეწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner