logo_geo
eng_logo
პირველად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა
- +

27 მაისი. 2016. 20:31



საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, 2016 წლის 27 მაისს, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა.



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების" მიერ საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი განიხილეს. ქართულმა მხარემ საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოითხოვა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რათა ის წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე.



შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო „ცხელი ხაზის" გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფის საკითხს, რაც მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ინციდენტების პრევენციისა და მათი რიცხვის მინიმუმდე დაყვანისთვის.



IPRM-ის მექანიზმი, 2009 წელს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. მექანიზმის შეხვედრები ორიენტირებულია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ინციდენტების პრევენციასა და მათ დარეგულირებაზე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner