პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა. მისი თქმით აგრესია სამართალდამცავების წინააღმდეგ არის მიუღებელი და რეაგირებაც შესაბამისი იქნება:
„განსაკუთრებული პატივისცემით მსურს, პანკისის ხეობაში მცხოვრებლებს მივმართო. ჩვენ არასდროს არც ერთ რეგიონში, დასახლებულ პუნქტში, თუ სოფელში არ განგვიხორციელებია არც ერთი პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა. იცით, რომ ეს დიალოგი გრძელდება. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, ყველას, ვინც გუშინ იღებდა მონაწილეობას, რადგან მათ კიდევ ერთხელ მოახდინეს დემონსტრირება თავისი მაღალი პროფესიონალიზმისა და ძალიან მაღალი დონის თავშეკავების. აგრესია ჩვენს სამართალდამცველებზე არის სრულიად მიუღებელი, აქედან გამომდინარე კანონის პასუხიც იქნება ადეკვატური. ჩემი აზრით, თავშეკავება ეს არის ძალიან მაღალი პროფესიონალიზმის ინდიკატორი. თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო. გუშინაც და დღესაც ჩვენ მოვისმინეთ სრულიად უსაფუძვლო კომენტარები იმ ადამიანებისგან, რომლებიც შეიძლება შეცდომაში არიან შეყვანილი ან დაკავებული არიან ძალიან იაფფასიანი პოპულიზმით, თურმე საქართველოს არ სჭირდება ენერგეტიკის განვითარება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა დაამარცხოს სიღარიბე, სიღარიბის დამარცხება გადის ეკონომიკის განვითარებაზე.
„საქართველოს ჰყავს ორი მტერი, ოკუპაცია და სიღარიბე. ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა დამატებითი ენერგია. ელექტროენერგიის დამატებით სიმძლავრის მშენებლობის გარეშე შეუძლებელია, ჩვენ გავუმკლავდეთ გამოწვევებს, რაც გვაქვს ეკონომიკაში. ჩვენ მივისწრაფვით ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ, რომ მივუახლოვოთ ის ევროპულ დონეს. აღმოსავლეთ ევროპაში რამდენჯერმე აღემატება ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, ეს ნიშნავს მარტივ ჭეშმარიტებას, როდესაც ვითარდება ეკონომიკა, მას სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია. არასოდეს არ მოხდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში ისე, რომ ენერგეტიკის განვითარება ხდებოდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის ხარჯზე ან იმის ხარჯზე, რომ ეკოლოგიას მივაყენოთ ზიანი, ეს არის გამორიცხული. კიდევ ერთხელ მსურს, ყველა მხარეს მოვუწოდო, ვაკეთოთ კომენტარები ემოციების გარეშე და გთხოვთ, ნუ დავეყრდნობით სხვადასხვა ტიპის გადაუმოწმებელ ინფორმაციებს, ეს ნამდვილად არ იქნება სწორი რეაქცია პასუხისმგებლიანი მოქალაქისგან ამ სიტუაციაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.