ბულგარეთის სასამართლომ ტელეჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულს სევერინ კრასიმიროვს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
21 წლის სევერინ კრასიმიროვის სასამართლო პროცესი ბულგარეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რუსეში მიმდინარეობდა. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.
ჟურნალისტის ცხედარი ქალაქ რუსეში, დუნაის პირას მდებარე პარკში გასული წლის ოქტომბერში იპოვეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ კრასიმიროვი მსხვერპლს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ის პარკში ვარჯიშობდა. პროკურატურამ განაცხადა, რომ დანაშაულის მოტივი სექსუალური ხასიათის იყო და მოკლულის პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდებოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ კრასიმიროვი თანამზრახველების გარეშე მოქმედებდა.
სევერინ კრასიმიროვი მკვლელობიდან მალევე გერმანიაში დააკავეს, სადაც ის დანაშაულის ჩადენის შემდეგ გაიქცა. ბულგარეთში მისი ექსტრადირება მკვლელობიდან ერთი კვირის შემდეგ მოხდა.