logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო პრეზიდენტს პასუხობს: გაჭირვებული ოჯახების აღწერა მთელი ამ წლების განმავლობაში ისედაც მიმდინარეობდა
- +

23 აპრილი. 2019. 13:13

 

„სოციალური დახმარების დანიშვნა სხვა არაფერია, თუ არა ოჯახის სოციალური საჭიროებების შეფასება. ეს პროცესი უწყვეტად მიდის და არასდროს გაჩერებულა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების პასუხად განაცხადა.

 

პრეზიდენტმა ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს მიმართა, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების აღწერა სასწრაფოდ დაიწყოს.

 

„ოჯახების აღწერა მთელი ამ წლების განმავლობაში ისედაც მიმდინარეობდა. სოციალური დახმარებების დანიშვნა სხვა არაფერია, თუ არა ოჯახის სოციალური საჭიროებების შეფასება. ეს პროცესი უწყვეტად მიდის და არასდროს გაჩერებულა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს მიმართა, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების აღწერა სასწრაფოდ დაიწყოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რითაც მარტვილში, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

 

„არ შეიძლება არ გამოვეხმაურო ახალგაზრდის თვითმკვლელობის ტრაგიკულ ფაქტს და შიმშილობასთან მის დაკავშირებას. მე ვერ გავარკვევ, რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი. ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს, ამიტომ მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს, სასწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები. მე ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას და ბოდიშს ვუხდი, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner